საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქართია ტელეკომპანია „იმედის“ დირექტორს ნიკოლოზ ლალიაშვილს ქარტიის მეორე პრინციპის დარღვევას ედავება, რომლის მიხედვითაც დაუშვებელია ჟურნალისტის იძულება, პროფესიული საქმიანობისას მოიქცეს ან აზრი გამოხატოს საკუთარი სინდისის წინააღმდეგ.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით ანა ცხოვრებოვამ, ნინო კვინტრაძემ, მარიამ მჭედლიშვილმა, გიგა ბენიამ და ნუცა შუბაშვილმა მიმართა. საქმე ეხება 2019 წლის დეკემბრიდან, 2020 წლის მარტამდე პერიოდში განვითარებულ მოვლენებს. ჟურნალისტების განცხადებით, ტელეკომპანია „მაესტროში“ მუშაობისას ლალიაშვილი მათ სარედაქციო დამოუკიდებლობაში უხეშად ჩაერია და საბოლოოდ აიძულა, დაეტოვებინათ ტელეკომპანია.
ქარტიის საბჭოს თქმით, ლალიაშვილს სხდომაში მონაწილეობა არ მიუღია და არც საპასუხო წერილი წარუდგენია. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ლალიაშვილმა ტელეკომპანია „მაესტროს“ ბიზნესის სიახლეების პროდიუსერს და გადაცემის წამყვანს „ხელისუფლების მიმართ კრიტიკული სიუჟეტებისთვის“ უსაყვედურა და გასცა დირექტივა, თუ ვის სასარგებლოდ უნდა ემუშავა მთელს გუნდს.
ასევე, „იმედის“ დირექტორმა ცხოვრებოვას კონკრეტული სიუჟეტების გაშვება აუკრძალა, რომელიც „მაღლივის საბაგიროს“ ეხებოდა, რადგან „მერიაში ამ საკითხზე ნერვიულობდნენ“. რედაქციამ აღნიშნული თემა მაინც გააშუქა. განმცხადებლებმა მტკიცებულების სახით წარმოადგინეს აუდიოჩანაწერი, რომელიც ნიკოლოზ ლალიაშვილთან საუბარს ასახავს:
“[2019 წლის 24 დეკემბრის შეხვედრა] ჟურნალისტის არგუმენტზე, რომ იგი ამბებს აშუქებს დაბალანსებულად, ნიკოლოზ ლალიაშვილი პასუხობს: „ეგ სიტყვა დაივიწყე, გეხვეწები რა, დაბალანსებული დაივიწყე რა, დაბალანსებული ნიშნავს რა უსუნოს, უგემოს, სტერილურს, ცუდია დაბალანსებული. […] ჟურნალისტთან საუბარში ნიკოლოზ ლალიაშვილი კიდევ ერთხელ გამორიცხავს ამ პრინციპს და ეუბნება მას: ახლა ამ არხს გაუჩნდა პოზიცია, ანუ არის მიკერძოებული. არხს აქვს პოზიცია, ეს პოზიცია არის ანტი-ნაციონალური მოძრაობის პოზიცია, ძალიან მკაფიო პოზიციაა რა, ამ არხს გაუჩნდა პოლიტიკა, სუნი, ფერი, გემო, რაც აქამდე არ ჰქონდა, იყო სტერილური, ანუ დაბალანსებული”.
აღსანიშნავია ისიც, რომ მრავალი მცდელობის მიუხედავად, განმცხადებლებმა ვერ მიიღეს სარედაქციო დამოუკიდებლობის გარანტია და ამიტომ, სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება დაწერეს.
აუდიოჩანაწერები ნახეთ აქ