ივანიშვილის დეპუტატი, გია ვოლსკი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის, მანანა კობახიძის მიერ პოსტის დატოვებას გამოეხმაურა. კობახიძემ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვიდან თვითგანრიდების შუამდგომლობაზე უარი მიიღო.
“მანანა კობახიძემ გადაწყვიტა, რომ მას არ ძალუძს ჩაერთოს ასეთ მნიშვნელოვან დაპირისპირებაში, რომლის საბოლოო შედეგი სამართლებრივად ყველანაირად ჩამოყალიბებული უნდა იყოს, იმის მიუხედავად, თუ რა პრობლემებს შეუქმნის ეს კონკრეტულ მოსამართლეებს, კონკრეტულ ადამიანებს. მოსამართლე სამართლის მხარეს უნდა იდგეს. როგორც ჩანს, მას აი ასეთი დადგომა, პრინციპულ პოზიციაზე დადგომა გაუჭირდა.
მისთვის არავის არაფერი დაუვალებია. არავის აქვს აზრად, რომ მანანა კობახიძე იქნება თუ ნებისმიერი სხვა, დავალება მისცეს, როგორ იმოქმედოს, ასე თუ ისე. ნებისმიერ მოსამართლეს დამოუკიდებლობის უშველებელი ხარისხი გააჩნია – მით უმეტეს, საკონსტიტუციო სასამართლოში. მისი ასეთი თვითგანრიდება, ამ პროცესიდან გასვლა, უნდა განვიხილოთ, როგორც მისი პიროვნული გადაწყვეტილება”. – თქვა ვოლსკიმ.
13 ოქტომბერს, მას შემდეგ, რაც პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვაზე თვითგანრიდების შუამდგომლობა არ დაუკმაყოფილეს, მანანა კობახიძემ საკონსტიტუციოს მოსამართლის პოსტი დატოვა.
ქართული ოცნების ყოფილი თავმჯდომარე და ორი მოწვევის პარლამენტის წევრი მანანა კობახიძე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ 2017 წლის 8 თებერვალს, 10 წლის ვადით აირჩიეს. მას უფლებამოსილება რამდენიმე თვეში ეწურებოდა.
