ირაკლი ქადაგიშვილმა სუს-ში მიმდინარე გამოძიებაზე საუბრისას განაცხადა, რომ მათ ტყუილი ილაპარაკეს. მისი თქმით, დაბეჯითებით ამტკიცებდნენ, რომ საქართველოში ტერორისტული ჯგუფები მზადდება, მაგრამ როდესაც გამოძიების წინაშე ფაქტების წარდგენა მოუწიათ, იძულებულები გახდნენ უკან დაეხიათ და ეთქვათ, რომ ასეთი რამ არ უთქვამთ.
მისივე თქმით, ცალკეული პირები ირანის გავლენების ზრდასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებებით საქართველოს დაზიანებას ცდილობენ.
„ამის თქმის მიზანი გახლავთ ის, რომ ყოველ ჯერზე, როგორც კი რაიმე ცუდი ხდება მსოფლიოში, საქართველო აუცილებლად ამ ცუდის ეპიცენტრში უნდა მოახვედრონ. ახლა ირანის გარშემო და ყურეში ომი მიმდინარეობს და რა თქმა უნდა, ეს ადამიანები ისევ გახდნენ საქართველოსთან დაკავშირებით ყველაზე უფრო ნეგატიური ინფორმაციის საერთაშორისო მასშტაბებით გავრცელების პიროვნებები და რა თქმა უნდა, ქვეყნის შიგნითაც მოსახლეობის ფსიქიკური დაზაფვრის მიმართულებით. სწორედ ეს იყო მათი განცხადებების საფუძველი და მიზანი. როგორც კი მათ მოუწიათ გამოძიებასთან კონკრეტული ფაქტების მოყვანა, ბუნებრივია, ის, რაც ბუნებაში არ არსებობს, რომ საქართველოში ტერორისტებს ამზადებენ, მაშინვე ნათელი გახდა. ჩვენ თუ გავიხსენებთ ყველა ყოველწლიურ შეფასებას, მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატებისას, რომელიც საერთაშორისო ტერორიზმთან დაკავშირებით არის ხოლმე, ჩვენ ვხედავთ რომ ყოველწლიურად, საქართველო არის მოხსენიებული ქვეყნად, რომელიც ერთ-ერთი ეფექტურია საერთაშორისო ტერორიზმის თუ სხვა საერთაშორისო დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლაში. ამიტომ, რა თქმა უნდა, მათი ეს მტკიცებულება იგივე იმ ქიმიური იარაღის და “კამიტის” ტოლფასი განცხადებაა. აი, ასეთი გზებით ცდილობენ საქართველოს დაზიანებას,” – განაცხადა ქადაგიშვილმა.
ცნობისთვის, სუს-ში დაწყებული გამოძიების ფარგლებში გამოკითხვაზე ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, გივი თარგამაძე, გუბაზ სანიკიძე, ასევე, თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი და „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის“ წევრი, გიორგი კანდელაკი დაიბარეს.
მაგისტრატი მოსამართლის წინაშე ჩვენება უკვე მისცა გუბაზ სანიკიძემ, თინა ხიდაშელმა და გიორგი კანდელაკმა. გუშინ, სუს-ში გამოკითხვაზე ასევე, იმყოფებოდა გენერალ-მაიორი, ვახტანგ კაპანაძე.
გამოკითხვაზე დაბარებულებთან სუს-ის გამომძიებლებს კითხვები მათ მიერ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებზე ჰქონდათ, რომელიც „საქართველოში ირანის გავლენების გაზრდას ეხებოდა“.
ზემოაღნიშნული პირები სისხლის სამართლის კოდექსის 319-ე მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში იყვნენ გამოკითხვაზე დაბარებული, რაც უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.
რაც შეეხება გივი თარგამაძეს, თავდაპირველად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ „მასთან დაკავშირება ვერ ხერხდებოდა, ტელეფონი გათიშული ჰქონდა და იმედს გამოთქვამდნენ, რომ მედიასაშუალებებიდან შეიტყობდა ან გადასცემდნენ მას, რომ დაბარებულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით“.
მოგვიანებით, უწყებამ დაადასტურა, რომ თარგამაძე საქართველოში არ იმყოფებოდა.
