ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ბრალდებით დაკავებულმა ალეკო ელისაშვილმა მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილს კითხვაზე, ეთქვა მისი საცხოვრებელი ადგილის მისამართი, ასე უპასუხა – “ახლა გარდაბნის რაიონი, მე-6 დაწესებულება, მანამდე ვეძისის ქუჩა”
ამასთან მოსამართლემ მას უფლებების განმარტებისას ჰკითხა, დაკავებისას ხომ არ ჰქონდა წამებას, არაადამიანურ მოპყრობას ადგილი.
„ჰქონდა კი, 4 საათი მქონდა ხელბორკილები ზურგს უკან, საპატიმროშიც ნახეს ხელები რა დღეში მქონდა. ქალბატონი პროკურორი დარწმუნებული ვარ, კუდით ქვას ასროლინებს იმ პოლიციელს. სისხლი მომდიოდა ბორკილებიდან. ამას გარდა კიდევ მრავალია, მაგრამ სამართალი სადაა”,- განაცხადა ელისაშვილმა.
მას მოსამართლე ჩაეკითხა, სხვა ფაქტიც ამ საქმეს უკავშირდებოდა თუ არა, რაზეც ელისაშვილმა უარყოფითი პასუხი გასცა. „ჯგუფურად მცემეს, მაგრამ რომელი სტრუქტურაც იძიებს, ის საერთოდ დახურეს”,- განაცხადა ელისაშვილმა.
რაც შეეხება დაკავებისას მომხდარ ფაქტს, პროკურორ მარიამ ბერძენიშვილის განმარტებით, „აღნიშნულს თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი იძიებს და შესაბამის ღონისძიებებს გაატარებენ”.
ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-323-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
