თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ, 2007 წლის 7 ნოემბრის საქმეზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, ვანო მერაბიშვილის, ზურაბ ადეიშვილის, დავით კეზერაშვილისა და გიგი უგულავას სასამართლო პროცესი დახურა.
სხდომის დახურვასთან დაკავშირებით შუამდგომლობა ბრალდების მხარემ დააყენა, რაც მოსამართლეთა კოლეგიამ გაიზიარა.
მანამდე სიტყვის უფლებით ისარგებლა მიხეილ სააკაშვილმა, რომელმაც შემდგომ სასამართლო პროცესი დატოვა.
სხდომაზე, ბრალდების მხარის მტკიცებულებათა გამოკვლევა მოხდება, კერძოდ მოწმეებს დაკითხავენ.
ცნობისთვის, სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება.
საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, რამაც ფიზიკური, ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების, ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. აღნიშნული ბრალი სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
აღნიშნულ საქმეში სააკაშვილთან ერთად ბრალდებულები არიან ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი, დავით კეზერაშვილი და გიგი უგულავა.
