სამკაულებს უდიდესი ენერგია აქვთ. შესაძლოა, სწორედ სამკაულის ენერგიამ მოახდინოს ისეთი ზემოქმედება ადამიანის აურაზე, რომ მთლიანად შეცვალოს მისი ცხოვრება. თუმცა, სამკაულის შერჩევას სიფრთხილით უნდა მოეკიდოთ. დიდი მნიშვნელობა აქვს, ასევე, იმ ადამიანის განწყობას, რომელიც ფოლადს ან ძვირფას ქვას ფორმას აძლევს, რადგან მუშაობის პროცესში მას შეუძლია, ქვაზე ზემოქმედება მოახდინოს. ამიტომ, უმჯობესია, უპირატესობა ქარხნული წესით დამუშავებულ ძვირფას ქვებს მიანიჭოთ, ის გაცილებით უსაფრთხოა. მცირეკრისტალიან ანუ გამჭვირვალე ქვებს თუ თვლებს, გაცილებით სუსტი აურა აქვთ. სწორედ ამიტომ, ორგანიზმზე მათი ენერგეტიკული ზემოქმედება უმნიშვნელოა. გაუმჭვირვალე ქვა კი იოლად ემორჩილება მის მფლობელს.
* მოერიდეთ ისეთი ქვების ტარებას, რომელსაც შავი ლაქები აქვს, მათ ასტრომინეროლოგები ბოროტ ქვებს უწოდებენ;
* ოქროში ან პლატინაში ჩასმული გაუმჭვირვალე ქვა ვერ დაგეხმარებათ. ის ასეთ ბუდეში ძალას კარგავს. ლითონის ძლიერი ენერგია ქვას არ აძლევს საშუალებას, საკუთარი თვისებები გამოამჟღავნოს და ნელ-ნელა კვდება. თუმცა, გააჩნია, რამდენად მგრძნობიარეა ადამიანი კონკრეტული ქვის მიმართ;
* ალმასი ენერგეტიკულად ძალიან ძლიერი ქვაა. ის თავის მფლობელს უბედურებისა და წარუმატებლობისგან იცავს. ამ ქვის სამკაულები ძლიერი ხასიათისა და მებრძოლი სულის ადამიანებმა უნდა ატარონ, კარგია ფეხმძიმე ქალებისთვისაც. ალმასი ადამიანს ანიჭებს ენერგიას, უძლიერებს აურას და სასიცოცხლო ძალას მატებს. ვინც ალმასის ქვას ატარებს, ის დაზღვეულია ფიზიკური ტრავმებისგან. არ არის სასურველი ისეთი ქვის ტარება, რომელიც უბედურ ადამიანს ეკუთვნოდა. ალმასის აურა უარყოფით ემოციას და ინფორმაციას მფლობელისგან იღებს, მას ინახავს და შემდეგ შესაძლო უბედურებისა და ავადმყოფობის მიზეზი ხდება. ასეთ ალმასს დაწყევლილს უწოდებენ;
* ზურმუხტს ალმასივით ძლიერი აურა აქვს, მაგრამ გაცილებით უსაფრთხოა. ის კეთილი ადამიანის მფარველია. ზურმუხტის ქვას სუფთა ველი აქვს და შეუძლია, სხვა ადამიანების მავნე ზემოქმედებაც ადვილად მიიღოს. ამიტომ, ნურავის ათხოვებთ ამ ქვის სამკაულს;
* ფირუზიც ძალიან ძლიერი ქვაა, თანაც მგრძნობიარე აურა აქვს. ამიტომ, მას ხშირად მაგები ჯადოს გასაკეთებლად იყენებენ. ის, ვინც ფირუზის სამკაულს ატარებს, ენერგიულია, კონტაქტური, მაგრამ ხშირად არასასურველ ზეგავლენას ახდენს რომანტიკულ ადამიანებზე;
* ლალი სასიცოცხლო ენერგიის წყაროა. ვინც მას ატარებს, მეტად შრომისუნარიანია. ასევე, ეს ქვა აღვივებს ადამიანებში ეროტიკულ, სასიყვარულო და რომანტიკულ გრძნობებს. ლალი აძლიერებს პატივმოყვარეობისა და საზოგადოებაში თვითდამკვიდრების უნარს, დადებითად მოქმედებს სისხლძარღვთა და გულის დაავადებებზე. ამიტომ, თუ ეს დაავადებები გაწუხებთ, თქვენთვის კარგი იქნება ლალისთვლიანი სამკაული;
* თუ უგუნებოდ ხართ და სტრესულ სიტუაციაში, მაშინ მარგალიტის ტარებას მოერიდეთ. მარგალიტი უნდა ატარონ სიცოცხლით სავსე, ჯანმრთელმა ადამიანებმა. კარგია ვარდისფერი, წყვილი მარგალიტის ტარება, მაგრამ, თუ მელანქოლიური ბუნება გაქვთ, მაშინ უმჯობესია თეთრი მარგალიტი;
* მთვარის ქვაზე დადებით გავლენას სწორედ მთვარე ახდენს. მისი აურა ნერვულ სისტემას კვებავს და დამღლელი ემოციებისგან გვიცავს. მისი ზემოქმედების ძალა პირდაპირკავშირშია მთვარის ფაზებთან. ამ ქვას ოქრო არ უყვარს და ამიტომ მასთან ვერც „მეგობრობს“;
* ნეფრიტს სიცოცხლის ქვას უწოდებენ. ის ამაგრებს ორგანიზმს, აძლიერებს იმუნიტეტს და ტონუსს, იცავს ადამიანს ავადმყოფობებისგან და სიცოცხლეს ახანგრძლივებს. ამ ქვას წარმატება მოაქვს აზარტული ადამიანებისთვის. თუ ნეფრიტმა ფერი შეიცვალა ან გატყდა, სასწრაფოდ შეცვალეთ. ეს ნიშნავს, რომ მან თვალი აიღო და მისი მავნე ზემოქმედება თქვენ აგარიდათ.
წყარო:თბილისელები