ცნობილი პოლიტიკოსი კობა დავითშვილი გარდაიცვალა. ის მძიმე ავადმყოფობას ებრძოდა. პოლიტიკოსს ე.წ. ბეხტერევის დაავადების დიაგნოზი 2017 წლის ივლისში დაუსვეს, მაშინ, როცა სიმპტომებმა თავი იჩინა. დავითაშილი დარწმუნებული იყო, რომ დაავადება იმ ძლიერი ტრავმების შედეგად განუვითარდა, რაც 2007 წლის 7 ნოემბერს მიაყენეს, როცა სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის (სოდი) სპეცრაზმელებმა მიტინგიდან გაიტაცეს და სასტიკად სცემეს.
ეს გახლავთ კობა დავითაშვილის უკანასკნელი მიმართვა, რომელიც მან სოციალურ ქსელში მიმდინარე წლის აგვისტოში გამოაქვეყნდა. პოლიტიკოსი დახმარებას ითხოვდა:
„ძვირფასო მეგობრებო, დღეს უამრავმა ადამიანმა მომილოცა დაბადების დღე, მე კი პირველად წლების განმავლობაში სათითაოდ ვერ გითხარით მადლობა და პოსტზეც კი ვერ დავსვი მოწონების ნიშანი. ეს იმიტომ მოხდა რომ ცუდად ვიყავი და ექიმთან ვერ წავედი უსახსრობის გამო.
მაგრამ წინ უფრო ცუდი დღეები მელის. საქმე ისაა რომ ჩემი (ბეხტერევის) დაავადება არ იკურნება და შეიძლება მხოლოდ გადავადდეს აღსასრული პრეპარატ “რემიკეიდის” ორ თვეში ერთხელ გადასხმით, როგორც ინსულინის ინექცია კი ვერ კურნავს, მაგრამ ავადებს დიაბეტის შედეგების დადგომას. ოღონდ ინსულინისაგან განსხვავებით რემიკეიდის სახელმწიფო პროგრამა არ არსებობს და მისი 1 გადასხმა 1000 აშშ დოლარი ჯდება.
ანუ თუ არ მექნა თვეში 500 დოლარის შემოსავალი მაინც, ტანჯვით სიკვდილისთვის ვარ განწირული. მე კი მარტში სრულიად უმუშევარი დავრჩი. ერთი გადასხმის ფული მერიამ ჩამირიცხა, მესამედი ვეტერანთა დეპარტამენტმა (დიდი მადლობა მათ) ჯანდაცვის სამინისტრომ ვერაფერი ჩამირიცხა არცაა გასაკვირი, კორონავირუსთან დაკავშირებით ისედაც ბევრი ხარჯი აქვს.
მე მესმის, რომ ყველას უჭირს და დალხინებული არავინაა, მაგრამ თუკი ამ დღეში თავად სახელმიფომ ჩამაგდო (წინა ხელისუფლების სახით) განა სამართლიანი არ იქნება რომ ჯანდაცვის ხარჯებიც სახელმწიფომ გაიღოს (ამ ხელისუფლების სახით).
მესმის რომ უსიამოვნო ადამიანი ვარ, მახასიათებს მწარე სიტყვების ლაპარაკი, ვერ ვუწონებ ხელისუფლებას ისეთ ქმედებებს, როგორიცაა მაგალითად მარიხუანის მოხმარების ლეგალიზაცია.
ალბათ უმუშევარიც ამიტომ დავრჩი, მაგრამ ნუთუ ჩემ ქვეყანას არ სჭირდება ერთი ჩემნაირი ენამწარე, რომელიც მაშინ ამოიღებს ხმას, როცა თითქმის ყველა სდუმს და ოპოზიცია კი კიდევ უფრო უარესის მომხრეა? ერთი სიკვდილი გავათავე, სანამ ამ პოსტს ვწერდი, მაგრამ უკიდურესმა აუცილებლობამ მაიძულა. გთხოვთ გააზიაროთ, მეგობრებო, რომ ადრესატებამდე მივიდეს” – წერს დავითაშვილი.