სალომე ზურაბიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვას “ტვ პირველთან” აფასებს.
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი ეჭვობს, რომ პლენუმის რომელიმე წევრმა, განსხვევებული აზრის დაფიქსირება შეძლოს.
ზურაბიშვილი იხსენებს წლების წინ მისი იმპიჩმენტის საკითხის განხილვისას მომხდარ ფაქტსაც, როცა სამმა მოსამართლემ განსხვავებული აზრი დააფიქსირა.
“სანამ სასამართლო ფორმალურად მაინც არსებობს, უნდა დავუტოვოთ რაიმე შანსი, რომ საკუთარი თავი გამოაჩინოს. სადაც ადამიანია, ყოველთვის იმედი უნდა იყოს. მათ სახეებს როცა ვუყურებ, ასეთი იმედი არ გამაჩნია. ეს არის ძალიან დიდი განსხვავება იმ პერიოდთან, როცა მიმდინარეობდა ჩემი იმპიჩმენტის პროცესი. როდესაც სამი მოსამართლე გამოჩნდა, რომლებმაც დადეს დასკვნა, რომელიც შევა ისტორიაში. ეს იყო მაშინ საკონსტიტუციო სასამართლოს სინდისის გადარჩენა. დღეს, სამწუხაროდ, არ მგონია, რომელმე იყოს მათ შორის, რომელიც სასამართლოს სინდისს გადაარჩენს”- თქვა ზურაბიშვილმა.
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, რევაზ ნადარაიას განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლო ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელის განხილვას მომდევნო კვირასაც ინტენსიურად გააგრძელებს.
რევაზ ნადარაიას თქმით, მომდევნო კვირის ორშაბათს, სამშაბათს, ოთხშაბათს, ხუთშაბათს და პარასკევს სხდომები 12:00 საათზე დაიწყება.
