„ამაზონ პრაიმის“ ახალ სერიალ Sin Huellas-ში ერთ-ერთ მნიშვნელოვან როლს ქართველი მსახიობი – ბექა ლემონჯავა ასრულებს. ესპანურ წარმატებაზე ბექა თავად მოგვიყვება.
ბექა ლემონჯავა: სერიალში ქასთინგის მეშვეობით მოვხვდი. სააგენტოში ვარ გაწევრიანებული და როგორც ხდება ხოლმე, ქასთინგის შესახებ ინფორმაცია შემოვიდა, გამიშვეს. იქ პროცესი თავიდანვე საინტერესოდ წავიდა. თუმცა, დაახლოებით თვე-ნახევარი არანაირი კონტაქტი აღარ ყოფილა. დამავიწყდა კიდეც, მეგონა, აღარ დარეკავდნენ, მაგრამ უცებ შემოდის ზარი და მეორე ტურზე მიბარებენ. მეორე ტურიც გავიარე და ამ ქასთინგმაც ისე კარგად ჩაიარა, რომ იქიდან გამოსული, ცხოვრებაში პირველად, თითქმის დარწმუნებული ვიყავი, რომ ამიყვანდნენ. თუ სხვას აიყვანდნენ, მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის ცნობადი სახე იქნებოდა, რადგან ეს კომერციული პროექტია და ალბათ, უკეთ გასაყიდად ისეთის აყვანა აჯობებდა, ვისაც მეტი „ფოლოვერი“ ჰყავს, თუნდაც, „ინსტაგრამზე“. რაც შეეხება პროექტს, სერიალში ვესტერნის ელემენტები და შავი კომედია არის შერწყმული. სცენარი ვითარდება ორი დამლაგებელი გოგოს გარშემო. ისინი სამსახურს კარგავენ, თუმცა, იმავე საღამოს შემოსდით ზარი და ეუბნებიან, რომ ერთი ვილის დასალაგებლად უნდა წავიდნენ. წავლენ, დაასუფთავებენ ყველაფერს და საწოლის ქვეშ, შემთხვევით, მტვერსასრუტი მიცვალებულის გვამს ჩაითრევს. საბოლოო ჯამში, ისტორია მიცვალებულის გარშემო ვითარდება. ამ გოგოებს პოლიცია მკვლელობის თანამონაწილეებად მიიჩნევს და იწყება მათი დევნა. პარალელურად, მათ დასდევს ორი რუსი კრიმინალი და ქალაქის ელიტა, რადგან ისინიც გარეულები არიან ამ ამბავში. მოკლედ, საინტერესო სცენარია.
– რაც შეეხება თქვენს პერსონაჟს?
– ჩემი პერსონაჟი ერთ-ერთი რუსი მაფიოზია. ორნი ვართ, ძმები და გვყავს ბაბუა, რომელიც დირექტივებს გვაძლევს. ჩვენ ცოტა ბრიყვი ტიპები ვართ, ვერ ვართ კარგი კრიმინალები (იცინის). გვინდა, მაგრამ არ გამოგვდის. როცა ამ გოგოების დაჭერის შანსი გვაქვს, ყოველთვის ხელიდან გვისხლტებიან. ჩემი ხაზი მთლიანად კომიკურია.
– რამდენად მნიშვნელოვანია „ამაზონ პრაიმის“ სერილაში თამაში, რისი მომცემია მსახიობისთვის და ზოგადად, რა მნიშვნელობისაა ეს პროექტი?
– ჩემი აზრით, ეს პროექტი ესპანეთში საკმაოდ დიდი წონისაა, კონკრეტულად „ამაზონისთვის“. მსოფლიოს მასშტაბით ყველა ქვეყანაში გადის, ანუ დაფარვის ზონა ძალიან დიდია და ასეთ პროექტში მონაწილეობას არც ველოდი. საერთოდ, განსაკუთრებული იმედებითა და მოლოდინებით არსად მივდივარ ხოლმე, იმიტომ, რომ მერე იმედგაცრუებაც მეტია. რაც შეეხება ამ პროექტს, მისი გაპიარება ძალიან კარგად მიდის, მექსიკაში აქვთ პრეზენტაციები და უკვე მეორე სეზონის სცენარზე დაიწყეს მუშაობა. ვინ იქნება და ვინ არა მასში, ჯერ არ ვიცით, მაგრამ პროექტი თითქმის ოთხ სეზონად არის გაწერილი და აქედან გამომდინარე, ცდილობენ, მაქსიმალურად კარგად გააპიარონ.
ზოგადად, მიჭირს ხოლმე საკუთარ თავზე ლაპარაკი. რამეს რომ გავაკეთებ, ვცდილობ, ისე შევფუთო, თითქოს, უბრალოდ, ასე მოხდა, მაგრამ რეალურად რომ შევხედოთ, ეს პატარა ამბავი არ არის (იცინის). ხანდახან, რაღაც მომენტში, მაქვს ხოლმე სიამაყის შეგრძნება იმის გამო, რომ ვეცადე და გამოვიდა. ვფიქრობ, რომ მაგარია, მაგრამ არა ის, რომ მე ვარ მაგარი, მაგარია ის, რაც გამოვიდა.
– რამდენ ხანს გრძელდებოდა გადაღებები და როგორი იყო პროფესიონალური თვალსაზრისით?
– გადაღებები ექვსი თვის განმავლობაში გრძელდებოდა. ამ ექვს თვეში მე, ჯამში, 30 გადასაღები დღე მქონდა. ძირითადად, მოქმედებები ალიკანტეში და ბარსელონაში ხდებოდა. მეტი ნაწილი ალიკანტეში გადავიღეთ. საქართველოში ასეთ დიდ პროექტზე მუშაობის გამოცდილება მხოლოდ რეზო გიგინეიშვილთან – „მძევლებში“ მაქვს მიღებული.
წყარო: tbiliselebi.ge