ბაბი კირკიტაძე საყვარელი კერძის რეცეპტს ,,თბილისელებს” უზიარებს:
კარგი ხელი მაქვს და გემრიელ კერძებსაც ვამზადებ, თუმცა, ვაღიარებ, ამისთვის დრო ნაკლებად მაქვს. თავად გურმანი ვარ და გემრიელად დანაყრება ბავშვობიდან მიყვარს. თუმცა, ვცდილობ, წონა ვაკონტროლო და ზედმეტი საკვების მიღებისგან თავი შევიკავო. არასოდეს მაწუხებდა ჩემი ზედმეტი კილოგრამები, მაგრამ როცა სცენაზე დგახარ, ტელევიზიის ეკრანიდან ჩანხარ და კონცერტებზე გამოდიხარ, ფორმაში უნდა იყო და წონაც აკონრტოლო. ასე რომ, დავიკელი და ვცდილობ, არ მოვიმატო. ჟურნალ „თბილისელების“ მკითხველს მინდა, შევთავაზო ნაზი, გემრიელი და ადვილად მოსამზადებელი კარტოფილის ბლინები, კვერცხითა და მწვანე ხახვით.
საჭირო ინგრედიენტები:
🔸250 გრამი კარტოფილი
🔸 1,5 ჩაის კოვზი მარილი
🔸 20 გრამი კარაქი
🔸300 გრამი ფქვილი
🔸10 გრამი გამაფხვიერებელი
🔸 2 კვერცხი
🔸 ნახევარი კონა მწვანე ხახვი
🔸 2 ჭიქა რძე
🔸 2 სადილის კოვზი ზეთი, არაჟანი.
მომზადების წესი:
კარტოფილი მოხარშეთ და მოამზადეთ პიურე. დაამატეთ ზეთი. ცხელ პიურეს მოაყარეთ ფქვილის ნახევარი და დაამუშავეთ საჭყლეტით, სანამ კარგად არ გაიხსნება. შემდეგ დაუმატეთ კვერცხი და აურიეთ. ცომს დაასხით ცივი რძე, კარგად აურიეთ და როცა მასა ერთგვაროვანი გახდება, დაუმატეთ დარჩენილი ფქვილი და გამაფხვიერებელი. მოზილეთ ცომი. დაამატეთ მარილი და კარაქი და კარგად ამოურიეთ. ბოლოს დაუმატეთ დაჭრილი მწვანე ხახვი. ტაფაზე გააცხელეთ ზეთი და შეწვით პატარა ბლინები ორივე მხრიდან. მიირთვით ცხელი და არაჟნით.
წყარო: tbiliselebi.ge