92 წლის ასაკში გარდაიცვალა გამოჩენილი მართლმადიდებელი თეოლოგი და საეკლესიო მოღვაწე პერგამონის მიტროპოლიტი იოანე ზიზიულასი (მსოფლიო საპატრიარქო).
ბოლო ნახევარი საუკუნის განმავლობაში მიტროპოლიტი იოანე მართლმადიდებლური თეოლოგიის წამყვანი ფიგურა იყო. მან დიდი წვლილი შეიტანა პატრისტიკული მემკვიდრეობის, ანთროპოლოგიის, ეკლესიოლოგიის, ონოტოლოგიის კვლევისა და აღორძინების საქმეში.
ფასდაუდებელმა აკადემიურმა ღვაწლმა მიტროპოლიტ იოანეს ფართო აღიარება და პატივისცემა მოუტანა მთელ მსოფლიოში. მრავალი ჯილდოსა და საპატიო წოდების მფლობელი მიტროპოლიტი იოანე, ახალი საქართველოს უნივერსიტეტის საპატიო დოქტორიც იყო.
სწორედ მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო მეცნიერებების განვითარებისა და პოპულარიზების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის 2019 წლის 30 ოქტომბერს იგი დაჯილდოვდა ჩვენი უნივერსიტეტის ამ უმაღლესი საპატიო წოდებით.
