უკრაინაში დაღუპული ქართველი სამხედროების ოჯახის წევრები ცხედრების მოლოდინში არიან, თუმცა, ჯერჯერობით, მათ გამოსვენებას თანამებრძოლები ვერ ახერხებენ. როგორც ოჯახის წევრები ჟურნალისტებთან ამბობენ, ახლა მათი სურვილია, რომ დასატირებლად ცხედრები ჰქონდეთ.
3 დეკემბერს დაღუპული ხუთი მეომრიდან ოთხი აფხაზეთიდან დევნილია. 41 წლის ავთო რურუა, რომელიც დევნილობის შემდეგ ზუგდიდში ცხოვრობდა, ომში, დაახლოებით, ერთი თვის წინ ჩაერთო. მონაწილეობდა აფხაზეთისა და აგვისტოს ომებშიც.
ბოლოს მეუღლეს 3 დეკემბერს გამთენიისას გაუგზავნა ხმოვანი შეტყობინება და უთხრა, რომ ძალიან უყვარს, საბრძოლველად გადის და როგორც კი მოახერხებს, დაუკავშირდება. ეს მასთან ბოლო კავშირი აღმოჩნდა.
“ჩემი ძმები იქ იბრძვიან და ვჭირდებიო, მითხრა, დაახლოებით, თვენახევრის წინ და წავიდა. მებრძოლი ხასიათის იყო. აფხაზეთის ომის დროს სულ პატარა იყო, მაგრამ როგორც შეეძლო, ისე იბრძოდა. აგვისტოს ომშიც მონაწილეობდა. ასე ამბობდა, ჩემი შვილების მომავლისთვის ვიბრძვიო, ეუბნებოდა ყველას”, – ჰყვება ავთო რურუას ცოლი ელმირა კვარაცხელია.
დევნილობის შემდეგ ჩხოროწყუში დასახლდა 55 წლის რომეო ფიჩხაია. სოხუმიდან დევნილი მეომარი უკრაინაში ომის დაწყების პირველივე დღეებიდან წავიდა. მისი და ამბობს, რომ მათ სახლში ომი არასდროს შეჩერებულა.