საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე „რუსთავი 2“-ის ეთერში გამოეხმაურა სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის არსენ ტოროსიანის განცხადებას.
„ვნახე მე ეს ინფორმაცია. ჯერ დასადასტურებელია, რომ ნამდვილად გაკეთდა ასეთი განცხადება. მე ვიცნობ პირადად ბატონ არსენ ტოროსიანს, ცოტა მიკვირს მისგან თუ ეს განცხადება ამ რაკურსით გაკეთდა. მოგეხსნებათ, რომ ჩვენ ძალიან ახლო ერები ვართ, მეზობლები, დიდი ხნის ისტორია გვაქვს და ცოტა მეუცხოვა მისგან ამ ტიპის „არადიპლომატიური“ განცხადება. იმიტომ, რომ თუ ასეთი შემთხვევები იყო, რომ აქედან ჩასულ მძღოლს თუ კიდევ სხვას დაუდასტურდა ინფექცია, ანუ საქართველოს მოქალაქეს, მაშინ, ჩვენც და სომხეთიც ვართ ხელმომწერი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ჯანმრთელობის საერთაშორისო წესების კონვენციის. ჩვენ გვქონდა შემთხვევა სომხეთიდან შემოსული სომხეთის მოქალაქის, ან კიდევ სხვა ქვეყნის მოქალაქის, თუმცა თქვენ ეს უნდა აცნობოთ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას და იმ ქვეყანას (ჩვენ ეს გავაკეთეთ შესაბამისი მეზობელი ქვეყნის მიმართ), რომ მან შესაბამისი ეპიდღონისძიებები გაატაროს, როდესაც მის მოქალაქეს უდგენ შენს ქვეყანაში ინფიცირებას. აქედან გამომდინარე, თუ ჰქონდა ეს შემთხვევები ბატონ არსენს ჯანმო-სთვის უნდა ეცნობებინა, ასევე ჩვენთვისაც“, – თქვა ამირან გამყრელიძემ.
არსენ ტოროსიანის მიერ გამოთქმულ ეჭვს, შედიან თუ არა საქართველოს სტატისტიკურ მონაცემებში ისინი, რომლებიც პნევმონიისგან გარდაიცვალნენ, მაგრამ COVID-19 დადასტურებული ჰქონდათ, გამყრელიძე პასუხობს: „არ ვიცი რა სტატისტიკას ეყრდნობა, მას შეუძლია, ნახოს ჩვენ მიერ გამოქვეყნებული, რომელიც ინგლისურადაც არის. ჩვენს ვებგვერდზე არის ჩვენი ყოველწლიური სტატისტიკა, დინამიკა პნევმონიების. ჩვენ ეს შესწავლილი გვაქვს. ჩვენთან არ აღინიშნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამ პანდემიების დროს – ჭარბი სიკვდილიანობის მაჩვენებელი. ეს ჰქონდა და აქვს იტალიას, ბევრ ქვეყანას, სადაც მაღალი იყო სიკვდილიანობა. ჩვენ ამას ვუყურებთ 3-4 წლის განმავლობაში. გვაქვს თუ არა ჭარბი სიკვდილიანობა, მათ შორის პნევმონიით? არ გვაქვს. დღეს საქართველოში იტესტება ყველა პნევმონიით ავადმყოფი, ყველა ჰოსპიტალში. ყველა ამბულატორიული მიმართვა, სადაც დგინდება პნევმონიის დიაგნოზი, რა თქმა უნდა, ის გადადის ჰოსპიტალში და ყველა იტესტება“.
კიდევ ერთი თემა, რომელსაც არსენ ტოროსიანი შეეხო, ტესტირებას ეხებოდა. ის დაინტერესდა, გამოყენებული იყო თუ არა საქართველოში ინფიცირების ყველა შემთხვევაში PCR-ტესტები, თუ საუბარია სწრაფ ტესტებზე, რომლებსაც, მისი თქმით, დაბალი სანდოობის გამო, სომხეთში პრაქტიკულად არ ხმარობენ.
გამყრელიძე აღნიშნავს, რომ ტოროსიანი, ასევე საუბრობს, რომ საქართველოში თითქოს ტესტებს ურევენ და ტესტირებულთა მაჩვენებელში შედის სწრაფი ტესტები.
„არა ბატონო არსენ, 48 290 ტესტირება, რაც ჩატარებულია ქვეყანაში, ყველა არის PCR-ტესტირება. ჩვენ ამაში არ შეგვაქვს რამდენიმე ათასი სწრაფი ტესტი, რომელსაც ქვეყანა, სამედიცინო დაწესებულებები იყენებენ. ასე რომ, გამიკვირდა ეს. მასაც პატივს ვცემ და სომხეთის ძალიან ბევრ მინისტრს ვიცნობდი, ვიცნობ და ვმეგობრობდი მათთან. არ ვარ დარწმუნებული, რომ მან მართლა გააკეთა თუ არა ეს განცხადება“, – დაამატა ამირან გამყრელიძემ.
სომხეთის ჯანდაცვის მინისტრს, არსენ ტოროსიანს, COVID – 19-ზე საქართველოს სტატისტიკა აეჭვებს:
საინფორმაციო სააგენტო Arminfo-ს თანახმად, საზოგადოებრივი საბჭოს მიერ მოწყობილ ონლაინშეხვედრაზე არსენ ტოროსიანმა რამდენიმე შეკითხვა დასვა: მათ შორის, გამოყენებული იყო თუ არა საქართველოში ინფიცირების ყველა შემთხვევაში PCR ტესტები, თუ საუბარია სწრაფ ტესტებზე, რომლებსაც, მისი თქმით, დაბალი სანდოობის გამო, სომხეთში პრაქტიკულად არ ხმარობენ. მინისტრს აინტერესებს ასევე, უტარდებათ თუ არა კორონავირუსზე ტესტირება იმ პირებს, ვისაც ვირუსის მსუბუქი სიმპტომები აქვთ და შედიან თუ არა სტატისტიკურ მონაცემებში ისინი, რომლებიც პნევმონიისგან გარდაიცვალნენ, მაგრამ COVID-19 დადასტურებული ჰქონდათ.
„ინფორმაცია განსჯისთვის: როცა ჩვენ საქართველოდან სომხეთში შემოსულ მძღოლებს ვუტარებთ ტესტირებას, უმრავლეს შემთხვევაში კორონავირუსით ინფიცირებას ვადგენთ. ასე რომ, განა დასაჯერებელია, რომ საქართველოში დღეში კორონავირუსით ინფიცირების მხოლოდ 1-2 შემთხვევა დასტურდება? თუ სინამდვილეში ყველა ინფიცირებულის გამოვლენა და შემდეგ სტატისტიკაში ასახვა არ ხდება?“ – განაცხადა მინისტრმა
Arminfo-ს ცნობით, საქართველოსა და სომხეთს შორის კორონავირუსის მეთოდოლოგიის განსხვავებაზე საუბრისას, მინისტრმა აღნიშნა, რომ სომხეთის ეპიდსაწინააღმდეგო სისტემა ქართულ სისტემაზე ძლიერია:
„საქართველოს ჯანდაცვისა და ეპიდსაწინააღმდეგო სისტემა მკვეთრად განსხვავდება სომხეთის სისტემისგან, თანაც არა კარგი კუთხით. ჩვენი სისტემა უფრო ძლიერია და ეს ფაქტია“, – განაცხადა სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა.
Arminfo-ს თანახმად, არსენ ტოროსიანი დაინტერესდა იმითაც, შეძლებენ თუ არა საქართველო და სხვა ქვეყნები კოვიდ-19-ის გავრცელების არსებული მონაცემების შენარჩუნებას ტურისტული სეზონის გახსნის შემდეგ.
სომხეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 5928 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან გამოჯანმრთელებულია 2874, გარდაცვლილია – 74.
საქართველოში კორონავირუსი დაუდასტურდა 723 ადამიანს, გამოჯანმრთელებულია 495, გარდაცვლილია – 12.