ტურისტების მოსაზიდად გელათი ვერ გადახურეთ და რა აუცილებელია, რომ აზარტული თამაშების საერთაშორისო ტურნირის საქართველოში გამართვის შესაძლებლობა გვქონდეს? – ფიქრობთ ახალგაზრდობაზე?! – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა სოფიო ხორგუანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც “ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვა მიმდინარეობს.
“ქართული ოცნების“ დეპუტატების საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, სამორინეებს საერთაშორისო აზარტული ტურნირების მოწყობის შესაძლებლობა ექნებათ.
“თქვენ იმ პარტიას წარმოადგენთ, რომელიც ამბობს, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის დაცვა თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია და თქვენ ხართ ქრისტიანობის ყველაზე მთავარი დამცველები. ამბობთ, რომ როდესაც აზარტული თამაშების საერთაშორისო ტურნირები გაიმართება, ეს ტურისტებს მოიზიდავს. ტურისტების მოსაზიდად გელათი ვერ გადახურეთ და რა აუცილებელი რამ არის, რომ აზარტული თამაშების საერთაშორისო ტურნირის საქართველოში გამართვის შესაძლებლობა გვქონდეს?! – ტურისტების მოსაზიდად რატომ აკეთებთ აქცენტს აზარტულ თამაშებზე?
თბილისი სავსეა სარეკლამო განცხადებებით, რომლითაც მოქალაქეებს ნარკოტიკების დამსაქმებლების დასაქმებას სთავაზობს. ახლა საერთაშორისო აზარტული თამაშების სარეკლამო განცხადებები გვექნება. ფიქრობთ ახალგაზრდობაზე?! მესმის, რომ ეკონომიკა უნდა განვითარდეს, მაგრამ ამისთვის სხვა გზები არსებობს, რომელიც უფრო მდგრად და თვითკმარ ეკონომიკას მოუტანს ქვეყანას“, – განაცხადა ხორგუანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
პროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა, პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა განმარტა, რომ საერთაშორისო აზარტული ტურნირი პირდაპირი გაგებით აზარტული თამაში არ არის და ასეთი შეჯიბრება ევროპის არაერთ ქალაქში ტარდება. მისი თქმით, ინიციატივის მიზანი არატურისტულ სეზონებში ტურისტული სექტორის განვითარების ხელშეწყობაა.
