მიხეილ სააკაშვილი ორმაგ მორჩილებაში იყო და ყველასთვის სასარგებლო საქმეს აკეთებდა, ოღონდ, ქართველები დაესაჯა, საქართველოსთვის საწინააღმდეგო საქმე ეკეთებინა, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.
მისივე თქმით, სააკაშვილის პოსტმა დაადასტურა, რომ იგორ ივანოვის ხელდასმულია და ხელისუფლებაში ყოფნისას რუსულ საქმეს აკეთებდა.
„გავრცელებული მოსაზრებაა, რომ მიხეილ სააკაშვილი ორმაგი აგენტია. მან დაადასტურა, რომ ის იყო რუსებისგან ხელდასმული და „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ სწორედ იგორ ივანოვმა გაანაწილა თანამდებობები, რომლებსაც ისინი დიდი ხანი იკავებდნენ. ამავდროულად, არც ისაა უცხო, რომ მიხეილ სააკაშვილი თავის დასავლელ ბატონებსაც და პატრონებსაც ემორჩილებოდა. ამიტომ ის ფაქტი, რომ ის ორმაგ მორჩილებაში იყო და ყველასთვის სასარგებლო საქმეს აკეთებდა, ოღონდ, ქართველები დაესაჯა, საქართველოსთვის საწინააღმდეგო საქმე ეკეთებინა და რაც მთავარია, საკუთარი ინტერესი დაეკმაყოფილებინა, უცხო არ არის. პოსტი, რომელიც მან გამოაქვეყნა, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ის იგორ ივანოვისგან ხელდასმულია და წლების განმავლობაში, ხელისუფლებაში ყოფნის დროს და არა მხოლოდ, ისინი რუსულ საქმეს აკეთებდნენ“, – განაცხადა წილოსანმა.
ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა 24 ნოემბერს სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი, სადაც წერდა: „რუსები და მათი ქართველი „შნირები“ ამბობენ, რომ „ვარდების რევოლუცია“ ამერიკელების ორგანიზებული იყო, ამერიკელები გვეწინააღმდეგებოდნენ, პირველმა რევოლუცია იგორ ივანოვმა აკურთხა“. მიხეილ სააკაშვილის აღნიშნული პოსტი მის სოციალურ ქსელში აღარ იძებნება.
