“ქართული ოცნება” საქართელოს მესამე პრეზიდენტის აგვისტოს ომის დაწყებაში ვეღარ ადანაშაულებს, თუმცა ახლა ევროსაბჭოს იმ რეზოლუციაზე აპელირებს, რომელსაც ენმ-მ მა 2008 წელს მოაწერა ხელი.
არადა, ენმ-ში ამბობენ, რომ აღნიშნული რეზოლუცია ომიდან მეორე თვეს იყო მხარდაჭერილი და მაშინ ქვეყანას ასე სჭირდებოდა. მათი თქმით, სწორედ ამ რეზოლუციაში ჩაიწერა, რომ რუსეთი იყო ოკუპანტი და რომ რუსეთმა ქართულ სოფლებშ ეთნოწმენდა განახორციელა.
ამის მიუხედავად, მმართველ გუნდში ამტკიცებენ, რომ რეზოლუციის მხარდაჭერით მაშინდელმა ხელისუფლებამ ქვეყნის ინტერესები დააზიანა.
რეზოლუციამ დაუდო საფუძვლად, ვინ დაიწყო ომი. იმ რეზოლუციამ განაპირობა ყველაფერი, – ამბობს შოთა ხაბარელი.
ალუდა ღუდუშაური კი რეზოლუციის მხარდაჭერას ქართველი სამხედროებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებად აფასებს.
მე რომ ჩემი ქვეყანა მიყვარს, არავის დაგესიზმრებათ! საკუთარ ქვეყანას როდესაც დააბრალებ, საკუთარ სამხედროებს როდესაც დააბრალებ იმას, რაც წერია, ხელი მოაწერეს, რეზოლუციას, რომელსაც მხარი დაუჭირეს “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა, იყო თუ არა ეს ასე? გეკითხებით, იყო თუ არ იყო-თქო?! ჰოდა, ახლა მეუბნებით ქვეყნის სიყვარულზე. შიგნით წერია ასეთი სამარცხვინო რაღაცეები და ჩვენ კომისიის დასკვნაში ეს პირდაპირ ამოვიღეთ და გადმოვიტანეთ, – ამბობს ალუდა ღუდუშაური.
ლადო ბოჟაძე ომის დაწყებაზე პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს, თუმცა მიხეილ სააკაშვილს რუსეთის პროვოკაციებზე წამოგებასა და ომის დროს მის მოქმედებებს ედავება.
მე არასდროს მითქვამს, რომ საქართველომ დაიწყო ომი, მე ვამბობდი, ვამბობ და გავიმეორებ ყოველთვის, რომ ომი დაიწყო რუსეთმა. სააკაშვილის დანაშაული არის ის, რომ მან, პრეზიდენტმა ვერ უზრუნველყო ქვეყანაში მშვიდობა, წამოეგო რუსეთის პროვოკაციებს და რაც ყველაზე მთავარია, უკვე ომის დროს, როგორც უმაღლესი მთავარსარდალი, მოიქცა ლაჩრულად, – ამბობს ლადო ბოჟაძე.
