საქართველო როგორც ევროკავშირში გაწევრიანებს, ასევე ევროპის გლობალური დაკავშირებადობის პროექტებში მონაწილეობის ისტორიული შანსებს კარგავს , – ამის შესახებ „ძლიერი საქართველო – ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, თუ ქვეყანა აღარ აღიქმება, როგორც ევროკავშირის მომავალი წევრი, საერთაშორისო ინვესტორებიც ნაკლებად დაინახავენ ქვეყანაში გრძელვადიან შესაძლებლობებს.
სამადაშვილი ხაზს უსვამს, რომ ჩინეთს შეუძლია დააფინანსოს კონკრეტული პროექტები, მაგრამ ვერ ჩაანაცვლებს ევროკავშირის ბაზარს, ევროპულ კაპიტალს და ტექნოლოგიებს.
„საქართველო როგორც ევროკავშირში გაწევრიანებს, ასევე ევროპის გლობალური დაკავშირებადობის პროექტებში მონაწილეობის ისტორიული შანსებს კარგავს. ამ ფონზე ბიზნესის წარმომადგენლები ხვდებიან ხელისუფლებას. ჩემთვის ძალიან საინტერესოა, ეკითხება თუ არა ქართული ბიზნესი საკუთარ მთავრობას, საიდან, როგორ აპირებს იმ უზარმაზარი დანაკარგის კომპენსირებას, რასაც ეს პროცესები უქადის ქვეყანას?
საქართველო კარგავს ევროპული ინვესტიციების, დაფინანსების, ახალი ინფრასტრუქტურული პროექტებისა და რეგიონული ჰაბის სტატუსის პერსპექტივას. თუ ქვეყანა აღარ აღიქმება როგორც ევროკავშირის მომავალი წევრი, საერთაშორისო ინვესტორებიც ნაკლებად დაინახავენ აქ გრძელვადიან შესაძლებლობებს. მართალია, რომ გეოგრაფიულად საქართველოს ევროკავშირი ვერ გადაახტება, მაგრამ მხოლოდ გეოგრაფიით თუ შემოიფარგლება ჩვენი თანამშრომლობა, საქართველო დაკარგავს რეგიონული ჰაბის ბუნებრივ სტატუსს და დაკავშირებადობის პროექტებიდან პოტენციური ეკონომიკური მოგების 80 პროცენტს ან მეტს.
მიუხედავად ახალი-‘ჩინეთი’გადაგვარჩენს’-პროპაგანდისტული ხაზისა, ოდნავ რაციონალურ ადამიანს ალბათ ესმის, რომ ამ დანაკლისს ჩინეთი ვერ აანაზღაურებს. ეს ისეთივე აბსურდული მოლოდინია, როგორც განაცხადი, რომ საქართველოს ჩინეთთან მეტი კულტურული სიახლოვე აქვს, ვიდრე ევროპასთან. უკვე ამასაც გვიმტკიცებენ გაუგებარი ‘ექსპერტები’ ამ დღეებში, პროპაგანდისტული არხებიდან.
ჩინეთს შეუძლია დააფინანსოს კონკრეტული პროექტები, თუ საკუთარ ინტერესებს ემსახურება, მაგრამ ვერ ჩაანაცვლებს ევროკავშირის ბაზარს, ევროპულ კაპიტალს, ტექნოლოგიებსა და იმ ნდობას, რომელიც საქართველოს ათწლეულების განმავლობაში იზიდავდა.
ამასობაში ევროპაში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მილიარდობით ინვესტიციების შესახებ, ჩვენი რეგიონის მომავლის სტრატეგიაც, საქართველოს გარეშე მიიღება, ევროპული კურსის დაკარგვის ფასი მხოლოდ პოლიტიკური თავისუფლების დაკარგვა არაა. პირველ რიგში ეს დაკარგულ სამუშაო ადგილებში, ინვესტიციებში და საქართველოს ეკონომიკურ მომავალში იზომება. ქართულ ბიზნესის ნაწილს შეიძლება არ ადარდებს ადამიანის უფლებები, კანონის უზენაესობა და პოლიტიკური თავისუფლება ქვეყანაში, მაგრამ ეს მაინც უნდა იყოს მისთვის დასაფიქრებელი გარემოება, წესით.
მაინტერესებს ვინმე თუ ბედავს ქართული ბიზნესიდან მთავრობას ეს კითხვები დაუსვას პროპაგანდისტულ შეხვედრებზე, რომელთა დანიშნულება მთავრობას და ბიზნესს შორის ‘სრული გაგების’ არსებობის დემონსტრაციაა“, – წერს სამადაშვილი.
