ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი აბუ-დაბიში, სასტუმროს ფოიეში, ინტერვიუს ჩაწერის დროს თავდასხმის მსხვერპლი გახდა. გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, როგორ უახლოვდება მას ზურგიდან დაღესტნელი მებრძოლი უსმან ნურმაგომედოვი თანმხლებ პირებთან ერთად და სახეში ურტყამს. მომხდარს ჯგუფური ჩხუბი მოჰყვა, რის შედეგადაც დვალიშვილმა სახისა და თავის არეში დაზიანებები მიიღო.
ინციდენტი 11 ნოემბერს მოხდა, რამდენიმე დღით ადრე, ვიდრე მერაბ დვალიშვილი და ნურმაგომედოვების ოჯახის კიდევ ერთი წარმომადგენელი, უმარ ნურმაგომედოვი, აბუ-დაბიში დაგეგმილ RAF-ის ღონისძიებაში მიიღებდნენ მონაწილეობას.
როგორ მოხდა თავდასხმა
გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ მერაბ დვალიშვილი სასტუმროს ფოიეში ინტერვიუს აძლევდა, როდესაც მას ზურგიდან უსმან ნურმაგომედოვი და მასთან ერთად მყოფი ჯგუფი მიუახლოვდა, რა დროშაც უსმანი მერაბს სახეში ურტყამს, რასაც დაპირისპირება მოჰყვება. მოგვიანებით გავრცელებულ სხვა კადრებში ჩანს, რომ დვალიშვილი ჯგუფს უპირისპირდება, თუმცა რამდენიმე ადამიანი მას ძირს აგდებს და ურტყამს. ვიდეოში ასევე ჩანს, როგორ ერთვება ჩხუბში კიდევ ერთი ქართველი საბა ლაზიშვილი, რომელიც მერაბის დახმარებას ცდილობს და თავდამსხმელებს უპირისპირდება.
თავად დვალიშვილმა მომხდარის შემდეგ სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა. მას სახე სისხლით ჰქონდა დასვრილი, დაზიანებებს კი მედიკოსები უმუშავებდნენ.
“RAF-ისთვის ინტერვიუს ვწერდი სასტუმროს ფოიეში, როდესაც უსმანი და მისი მეგობრები უკნიდან მოგვიახლოვდნენ და მე და ჩემს ახალგაზრდა მეგობარს დაგვესხნენ თავს. დაცვა მაკავებდა, ისინი კი მაშინაც გვირტყამდნენ, როდესაც ძირს ვეგდეთ“, – დაწერა ქართველმა მებრძოლმა.
როგორ გაგრძელდა დაპირისპირება
მომხდარის შემდეგ მერაბ დვალიშვილმა სოციალურ ქსელში კიდევ ერთი ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც თავდამსხმელებს დაუპირისპირდა და მათ საქციელს სიმხდალე უწოდა. განაგრძეთ კითხვა…
