როდესაც პარტიები, ერთად დოკუმენტირებულად ამბობენ, რომ მათი მიზანია შექმნან კოალიციური მთავრობა, ერთად წარმოადგინონ პრეზიდენტობის კანდიდატი, მათი მიზანია რომ არავითარი მონაწილეობა არ მიიღონ ჩვენი პარტიის მიერ ფორმირებულ აღმასრულებელ რგოლში, ეს არ არის ერთი ჩვეულებრივი ორ პარტიას შორის უბრალოდ ხელის ჩამორთმევა და გამარჯობის თქმა. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ისინი როგორც ერთიანი ორგანიზმი მოქმედებდნენ,” – განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე.
გორდულაძის თქმით, ოპოზიციის მხრიდან ვრცელდება არასწორი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რატომ სურს მმართველ პარტიას მათი არაკონსტიტუციურად გამოცხადება. მისივე თქმით, მმართველი გუნდის მიერ დაწყებული სამართლებრივი დავა ამ პარტიების მიმართ არა კოალიციურ თანამშრომლობას, არამედ ბევრად მძიმე და სერიოზულ მიზეზებს ეფუძნება.
“არაერთხელ იყო იმის წარმოჩენის მცდელობა, რომ თითქოს ერთმანეთთან კავშირის გამო და ერთმანეთთან კოალიციის შექმნის გამო “ქართული ოცნების” წარმომადგენლები გვედავებიან, რომ არაკონსტიტუციურები ვართო- ეს დეზინფორმაციის გავრცელების მცდელობაა. ამით ჩვენ მათ ერთიანობას, ერთობას ვამტკიცებთ. და მეორე არის უკვე ეს ერთიანობა და ერთობა რაში არის გამოხატული. როდესაც ისინი აწმყოში ერთად არიან და აწმყოში ერთად ჩადიან, ისინი იზიარებენ ერთმანეთის მიერ ჩადენილ ქმედებებს, ნათქვამებს და მიზნებიც რა თქმა უნდა ერთობლივია. ამავდროულად როდესაც ისინი ახლა ერთად არიან, ისინი პასუხისმგებელნი ხდებიან თითოეული პარტიის მიერ წარსულში ჩადენილ ქმედებებთან დაკავშირებით. იმ შემთხვევაში, როდესაც ისინი ქმედითად არ ემიჯნებიან. როდესაც მაგალითად ბატასუნა და ბატასუნას საქმეში, ან მაგალითად, რეფაჰი თურქეთის წინააღმდეგ, როდესაც კონკრეტული პირების არაკონსტიტუციურ განცხადებებს არ გაემიჯნა კონკრეტული პარტია და პარტიის წარმომადგენლები, მათ 158 წევრი ჰყავდათ თურქეთის პარლამენტში და ასეთი პარტიის საქმიანობა აიკრძალა, რაზეც სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ სწორიაო. 12 კი არა, 158 წევრი ჰყავდა „კეთილდღეობის პარტიას“ და სტრასბურგის სასამართლომ სწორად ჩათვალა, რომ მათი აკრძალვა იყო შესაბამისობაში სტრასბურგის სტანდარტებთან. და იმ 158 მანდატის უკან, რა თქმა უნდა, მილიონობით ადამიანი, ასეულ ათასობით და რამდენიმე მილიონიც კი შეიძლება თურქეთის პოპულაციას თუ გავითვალისწინებთ, იყვნენ ამომრჩევლები. და რა, ამ ადამიანებს საერთოდ არჩევანის თავისუფლება შეუზღუდეს, ან მათი საარჩევნო უფლებები შეზღუდეს? არა, რა თქმა უნდა. იმიტომ, რომ პირველ რიგში, ისევ და ისევ დემოკრატიის მთავარი მიზანი არის და მთავარი უფლება არის, რომ საკუთარი თავი დაიცვას.
კიდევ ერთხელ, როდესაც ისინი ერთად არიან, არ გამიჯვნაზე კი არ არის საუბარი. როცა ისინი ერთად მოქმედებენ აწმყოში და არიან ერთობლივი მიზნით გამოხატულები მომავლისადმი, მათ მიერ წარსულში ჩადენილი ქმედებები, ის თითქოს არაფერი არ ყოფილა და რაც წარსულში იყო, წარსულში დარჩა და ახალი ფურცლიდან დავიწყოთ ცხოვრება, ასეთი რამე ბუნებაში ვერ იარსებებს, თუ თითოეული პარტია ქმედითად არ გამოვა, არ გაემიჯნება, არ იტყვის, რომ ასეთი რამე ბუნებაში არ უნდა მომხდარიყო და არ დააფიქსირებს მკაფიო პოზიციას და არა იმას, რომ საერთოდ ადამიანის უფლებები მაგალითად არ ირღვეოდა თურმე 2004-2012 წლებშიო. აი ამ ყველაფერს როდესაც არ აკეთებენ და როდესაც ამ ფონზე მაინც მასთან ერთად კოალიციას ქმნი, ამ კოალიციაში შექმნით, მათ შორის შენ პასუხისმგებელი ხდები იმ ქმედებებზე, რაც წარსულში ამ კონკრეტულ პარტიას ან „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს ჩადენილი. სხვანაირი განმარტების შემთხვევაში გამოდის, რომ არც თავდაცვის დემოკრატია არსებობს, არც დემოკრატიის პრინციპი არსებობს და არც სამართლებრივი სახელმწიფო. ერთმა პარტიამ თუ რაღაც გააკეთა, შესაძლებელი ხდება, რომ მათთან სხვა ახალ აღმოცენებული პარტიები ისე გაერთიანდნენ და ისე მოახდინონ დემოკრატიის ფეხქვეშ გათელვა და დემოკრატიის პრინციპის დარღვევა, რომ საერთოდ დემოკრატიის ცნებას და პრინციპს უბრალოდ არსებობის შესაძლებლობაც კი აღარ დარჩეს,” – განაცხადა გორდულაძემ.
