ვცდილობთ, ჩამოვაყალიბოთ ყველაზე ეფექტური მექანიზმები, რაც დემოგრაფიის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს – შემიძლია ბევრი მაგალითი გითხარათ იმისა, როგორ წარუმატებელი აღმოჩნდა ესა თუ ის პროგრამები, რომელიც მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში შეიმუშავეს, შესაბამისად, სწორი პროგრამების ჩამოყალიბება მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, უწყება მზადაა ამ მიმართულებით, საქართველოს პარლამენტთან მუშაობა გააგრძელოს.
„რამდენიმე შეკითხვა ეხებოდა დემოგრაფიულ გამოწვევებს ქვეყანაში. ბუნებრივია, ესეც მათ შორის არის ერთ-ერთი გლობალური გამოწვევა. იცით, რომ ამ მიმართულებით საპარლამენტო კომიტეტიც მუშაობს, საქართველოს მთავრობაც. ვცდილობთ, ჩამოვაყალიბოთ ის ყველაზე ეფექტური მექანიზმები, რაც იქნება ხელშემწყობი იმ გაცხადებული პოლიტიკისა, რომელიც არის საქართველოში დემოგრაფიის გაუმჯობესება. შემიძლია კიდევ უფრო ბევრი მაგალითი გითხარათ იმისა, როგორ წარუმატებელი აღმოჩნდა ესა თუ ის პროგრამები, რომელიც ამ მიმართულებით შეიმუშავეს მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში – განვითარებად და განვითარებულ ქვეყნებში. შესაბამისად, მნიშვნელოვანია რომ სწორი პროგრამების ჩამოყალიბება განხორციელდეს, რომ იმ დანახარჯებით, რაც იქნება გაწეული, მაქსიმალურად იქნას შესაბამისი შედეგი მიღწეული. ამ მიმართულებით, მზად ვართ, რომ გავაგრძელოთ მუშაობა საქართველოს პარლამენტთან,“ – განაცხადა ხუციშვილმა.
დემოგრაფიულ პრობლემებთან დაკავშირებით ფინანსთა მინისტრის კითხვით რამდენიმე დეპუტატმა მიმართ, მათ შორის, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, ქეთევან ბაკარაძემ.
კერძოდ, ოპოზიციონერი დეპუტატი დაინტერესდა, 2027 წლის ბიუჯეტში დემოგრაფიული მხარდაჭერისთვის, კონკრეტულად რა პროგრამებია გათვალისწინებული და არის თუ არა გათვალისწინებული უშვილო წყვილებისთვის რეპროდუქციული ჯანმრთელობის მხარდაჭერის კომპონენტი.
„ჩემი კითხვა ეხება ჩვენს ქვეყანაში უკვე დამდგარ დემოგრაფიულ კატასტროფას. ბოლო 34 წლის მანძილზე უპრეცედენტოდ დაბალი შობადობაა, სიკვდილიანობის მაღალი ციფრი, ახალგაზრდებს ქვეყნიდან გადინება. ეს უკვე კრიზისი კი არა, კატასტროფაა. გასაგებია, რომ ეს არის ჩავარდნილი სოციალური პოლიტიკა და მისი შეკავების ინსტრუმენტები ხელისუფლებას არ გააჩნია, მაგრამ მე მაინტერესებს 2027 წლის ბიუჯეტში კონკრეტულად რა პროგრამებია გათვალისწინებული დემოგრაფიული მხარდაჭერისთვის? მაგალითად, არა მხოლოდ სოციალური მიმართულების, არამედ ჯანდაცვის პოლიტიკის თვალსაზრისით, არის თუ არა გათვალისწინებული უშვილო წყვილებისთვის რეპროდუქციული ჯანმრთელობის მხარდაჭერის კომპონენტი? თქვენ თქვენს პროპაგანდაში ძალიან ხშირად საუბრობთ, რომ დემოგრაფია არის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება და ბიუჯეტში კონკრეტულად სად დაისახება ეს პრიორიტეტი?,“ – მიმართა ბაკარაძემ ხუციშვილს.
