საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვა განახლდა.
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ ევა გოცირიძემ “ქართული ოცნების” წარმომადგენლებს 10 ნოემბრის სხდომაზე ფაქტების პარტიისთვის შერაცხვისა და გამიჯვნის ვალდებულების საკითხზე დაუტოვა კითხვები.
პარტიას შეიძლება მოეთხოვოს გაემიჯნოს სხვა პარტიის განცხადებებს. აი, ამაზე გაგვეცით პასუხი და რა შემთხვევაში შეიძლება მოეთხოვოს რა პირობით? – იკითხა მოსამართლემ.
მოსამართლეს ასევე აინტერესებს, შეიძლება თუ არა პარტიას მოეთხოვოს პასუხი და საერთოდ შეერაცხოს ისეთი ფაქტები, რომელიც ბუნებაში არსებობდა მისი პარტიად ჩამოყალიბებამდე, ორგანიზაციულ-იურიდიულად, როგორც სუბიექტად ჩამოყალიბებამდე, რომლის წინააღმდეგაც თქვენ გაქვთ ეს სარჩელი წარმოდგენილი?
არჩილ გორდულაძემ ევა გოცირიძის კითხვაზე პასუხისას თქვა, რომ პარტიის ლიდერების განცხადებები პარტიას უპირობოდ მიეწერება, ხოლო რიგითი წევრებისა და მხარდამჭერების შემთხვევაში საკითხი კონკრეტული გარემოებების მიხედვით უნდა შეფასდეს.
” ქართული ოცნების” ლიდერის ამბობს იმასაც, რომ, თუ ესა თუ ის მხარდამჭერი საზოგადოებაში კონკრეტულ პარტიასთან ასოცირდება, აქტიურად ავრცელებს მის იდეებსა და მიზნებს და საზოგადოებას გარკვეული ქმედებებისკენ მოუწოდებს, პარტიას მისგან გამიჯვნის ვალდებულება შეიძლება ჰქონდეს.
გორდულაძის ლოგიკით ასეთ შემთხვევაში პარტიის დუმილიც შესაძლოა მისი თანხმობისა და მოწონების გამოხატულებად შეფასდეს.
“ქართული ოცნების” წარმომადგენლის თქმით, მხარდამჭერის პარტიასთან კავშირის დასადგენად აუცილებელი არ არის, მას პარტიის წევრის სტატუსი ჰქონდეს ან მისი მოქმედებები პარტიის დავალებით, შეთანხმებითა თუ დაფინანსებით ხორციელდებოდეს.
“ერთი არის რა განაცხადეს, რა თქმა უნდა, და მეორე არის, რას აკეთებენ და რას ამბობენ, რომ ახალისებენ ექსტრემიზმს, რომ ახალისებენ ბულინგს, ახალისებენ ადამიანის ღირსების შელახვას, პირდაპირ ისევ და ისევ დღესაც კი, დღესაც კი, მათი მიზანი არის დემოკრატიის დაზიანება. წარსულში გაკეთებული ერთ-ერთი განცხადება ერთგვარად ვერ იქნება მათი ინდულგენცია, იმიტომ, რომ ისევ და ისევ, რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესია, როცა განცხადებას აკეთებს პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი, მაგრამ ამაზე კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვანია, რას აკეთებს”- თქვა მან.
