„ქართული ოცნების“ მხარეს ეშინია ამ შუამდგომლობის მტკიცებულებების გამოკვლევის, რადგან მათ არ გააჩნიათ არავითარი მტკიცებულება და სამხილი, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველო – ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ გეგელიამ საკონსტიტუციო სასამართლოსთან „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, მმართველი პარტიის ბრალდებები ლოგიკასა და საღ აზრს მოკლებულია.
„ქართული ოცნების“ მხარეს ეშინია ამ შუამდგომლობის მტკიცებულებების გამოკვლევის, რადგან მათ არ გააჩნიათ არავითარი მტკიცებულება, არანაირი სამხილი. ისინი წინააღმდეგობაში არიან საქართველოს ისტორიასთან, ლოგიკის წესებთან, საღ აზრთან, წესიერებასთან. შესაბამისად, მათ აქვთ ფუნდამენტური შიში ამ შუამდგომლობის მიმართ, რადგანაც მათ არაფერი აქვთ სათქმელი და ძალიან კარგად იციან, რომ ის აბსურდული ბრალდება, რაც დღეს ჩვენს წინააღმდეგ არის წარმოებული, არავითარ მტკიცებულებასა და სამხილს, არაფერ არსებითს არ ეფუძნება. შესაბამისად, ძრწიან შიშით ნებისმიერი მსგავსი მტკიცებულების მოკვლევასთან დაკავშირებით.
დღეს „ქართული ოცნების“ რეჟიმი ასამართლებს მილიონი ქართველის მიერ არჩეულ პარტიებს პოლიტიკური პროზის, ფიქციის, უნიჭო მხატვრული ლიტერატურის საფუძველზე, რაც არის წულუკიანის საგამოძიებო დასკვნა“, – აცხადებს გრიგოლ გეგელია.
