“მაკა ბოჭორიშვილი – სააკაშვილის მმართველობის პერიოდში სხვადასხვა დიპლომატიურ თანამდებობაზე მუშაობდა, ხოლო 2013 წლის 15 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა ღირსების ორდენით დააჯილდოვა” – ამის შესახებ განცხადა პარტია “გახარია საქართველოსთვის” წევრმა, ქეთევან ბაკარაძემ.
“მაკა ბოჭორიშვილი – სააკაშვილის მმართველობის პერიოდში სხვადასხვა დიპლომატიურ თანამდებობაზე მუშაობდა, ხოლო 2013 წლის 15 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა ღირსების ორდენით დააჯილდოვა.
გია ბენაშვილი – სააკაშვილის ხელისუფლების დროს ფინანსთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსი.
გიორგი გუგუჩია – 2004-2012 წლებში ფინანსურ პოლიციაში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა, ასევე თბილისის საქალაქო სასამართლოში იკავებდა ხელმძღვანელ პოზიციას.
გოჩა ენუქიძე – 2008-2016 წლებში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი პარლამენტის წევრი, 2016 წლიდან კი უკვე „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი.
ალექსანდრე დალაქიშვილი – სააკაშვილის ხელისუფლების პერიოდში სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში, მათ შორის შემოსავლების სამსახურსა და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში, ხელმძღვანელ თანამდებობებზე საქმიანობდა.
ისკო დასენი – სააკაშვილის ხელისუფლების პერიოდში საქართველოს პროკურატურის სისტემაში საგამოძიებო-საპროკურორო საქმიანობას ეწეოდა.
გივი მიქანაძე – 2005-2008 წლებში საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე. ეს ის პერიოდია, როდესაც პენიტენციურ სისტემაში უმძიმესი მოვლენები ვითარდებოდა, მათ შორის 2006 წლის 27 მარტის თბილისის №5 სასჯელაღსრულების დაწესებულების ტრაგედია.
ეს ფაქტები თავისთავად არ ნიშნავს ინდივიდუალურ სამართლებრივ პასუხისმგებლობას, მაგრამ სრულიად ლეგიტიმურად აჩენს კითხვას: რატომ არის პოლიტიკური წარსული ერთ შემთხვევაში პარტიის აკრძალვის არგუმენტი, ხოლო მეორე შემთხვევაში – თითქოს უმნიშვნელო გარემოება?
სად არის მათი თანმიმდევრული პოზიცია 2007 წლის 7 ნოემბრის, 2009 წლის 15 ივნისისა და 2011 წლის 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით? სად არის მათი პოლიტიკური შეფასება 2019 წლის ჩორჩანას საქმისა და 20 ივნისის მოვლენებზე?
რასაკვირველია, ეს არ არის სრული ჩამონათვალი, ფაქტები და მასალა საკმაოდ დიდია!
ბოლოს, მივმართავ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს: თქვენი გადაწყვეტილება უნდა დაეფუძნოს კონსტიტუციას, მტკიცებულებებსა და სამართალს და არა პოლიტიკურ კონიუნქტურას ან შერჩევით სტანდარტებს.
სანამ სხვებს პოლიტიკური წარსულის გამო პარტიის აკრძალვას უპირებთ, საზოგადოებას ჯერ თავად თქვენი პოლიტიკური წარსულის შეფასების უფლება მიეცით!” – თქვა ქეთევან ბაკარაძემ.
