უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უმაღლესი მთავარსარდლის შტაბის სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ „რუსეთი დნეპრის გასწვრივ უკრაინის გაყოფას ცდილობს“.
„ამ რეგიონების, ქალაქებისა და თემების წინაშე, რომლებიც ყველაზე მეტად ზარალდებიან რუსეთის დარტყმების შედეგად, არაერთი საკითხია მოსაგვარებელი. დეტალურად განვიხილეთ გამოწვევები, რომლებიც რუსეთის მიერ ხიდებსა და ენერგეტიკულ ქსელზე განხორციელებულ თავდასხმებს უკავშირდება. რუსეთი დნეპრის გასწვრივ უკრაინის გაყოფას და ადამიანების, ქალაქებისა და სოფლების ცხოვრების შეძლებისდაგვარად განადგურებას ცდილობს“, – განაცხადა ზელენსკიმ.
მანამდე, „ფაინენშელ თაიმსმა“ დაწერა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ევროკომისიის პრეზიდენტთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან ბოლო საუბრისას აღნიშნა, რომ რუსეთი დნეპრის გასწვრივ უკრაინის „ორად გაყოფას“ ცდილობს.
