ვფიქრობ, საზოგადოება თვალნათლივ ხედავს იმ პროცესებს, რომლებიც „ქართულმა ოცნებამ“ დაიწყო და, რომლებიც ამ დრომდე მიმდინარეობს. კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა, აღვნიშნო, რომ ეს პროცესები ჩვენი ქვეყნის ინტერესებს ეწინააღმდეგება, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, გიგა ფარულავამ განაცხადა.
ფარულავას თქმით, ეს პროცესები მხოლოდ პოლიტიკური პარტიების, როგორც სუბიექტების გაუქმებას არ ისახავს მიზნად, ეს არის „ოცნების“ მიერ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი განსხვავებული აზრის გასაუქმებლად.
„მოგეხსენებათ, დღეს ახალი ეტაპი იწყება – ამ შემთხვევაში, კითხვა-პასუხის ეტაპი. ჩვენ თვალს ვადევნებდით პროცესის მიმდინარეობას და, ცხადია, ვხედავთ, რომ „ოცნება“ მარცხდება. საჯარო პროცესებიდან ნათლად ჩანს, რომ მათ, ვინც ამ პროცესებს ობიექტურად აკვირდება და აფასებს, დაინახავს, რომ „ოცნებას“ თავისი პოლიტიკური ნარატივით გაჯერებული სარჩელით ნამდვილად არ აქვს შესაძლებლობა, დაადასტუროს და დაამტკიცოს, რატომ არის, მაგალითად, ჩვენი პოლიტიკური პარტია კონკრეტულ შემთხვევაში არაკონსტიტუციური. ბუნებრივია, ის მარცხდება და ეს პროცესი გაგრძელდება, მათ შორის კითხვა-პასუხის რეჟიმშიც, როდესაც საზოგადოება დაინახავს, რომ მათ არც ერთ კონკრეტულ კითხვაზე კონკრეტული, ობიექტური და სამართლებრივი პასუხი არ აქვთ“, – განაცხადა გიგა ფარულავამ.
