ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში რამდენიმე ავიარეისის მარშრუტის შეცვლა და თვითმფრინავების ავარიული დაშვება გახდა საჭირო. მიზეზი ბორტზე ბომბის არსებობის შესახებ მიღებული შეტყობინებები გახდა.
ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ინციდენტების ერთ-ერთი შემთხვევა ირლანდიური ავიაკომპანია Aer Lingus-ის თვითმფრინავს უკავშირდება. Airbus A320-ის ტიპის ლაინერი, რომელიც დუბლინიდან რომის მიმართულებით ასრულებდა რეისს, დილით საფრანგეთში დაეშვა. ავიაკომპანიის განმარტებით, გადაწყვეტილება უსაფრთხოების მიზნით, პრევენციული ზომის სახით მიიღეს. თვითმფრინავის შემოწმების შედეგად საეჭვო არაფერი გამოვლენილა.
ბომბის საფრთხის შესახებ შეტყობინებები მიიღეს Ryanair-ის თვითმფრინავებზეც. შედეგად, ავიაკომპანიის სამი ლაინერი ბულგარეთში დაეშვა. ქვეყნის ტრანსპორტის სამინისტროს ინფორმაციით, შემოწმების შემდეგ საფრთხე არ დადასტურდა.
მსგავსი შემთხვევები დაფიქსირდა ავსტრიის, რუმინეთის, ჩეხეთის, პოლონეთისა და იტალიის აეროპორტებშიც.
მომხდარის მიუხედავად, შესაბამისი შემოწმებების შედეგად, ამ დროისთვის გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბორტებზე ბომბის არსებობა არ დადასტურებულა.
