ირაკლი კობახიძის ბრიუსელში ვიზიტი – გიორგი შარვაშიძე „ქართული ოცნების“ ორმაგ სტანდარტზე საუბრობს. მისი შეფასებით, ხელისუფლება ცდილობს, საზოგადოებას შეუქმნას შთაბეჭდილება, თითქოს ევროპასთან ურთიერთობებში დადებითი ცვლილებებია, რისთვისაც საერთაშორისო ღონისძიებებსა და პროტოკოლურ შეხვედრებს იყენებს. შარვაშიძის განცხადებით, ამ ფონზე „ქართული ოცნება“ ევროკავშირის კრიტიკას კვლავ გააგრძელებს.
ბრიუსელში და ზოგადად, ევროპის დედაქალაქებში უამრავი კონფერენცია ტარდება. ფულს თუ გადაიხდი მონაწილეობაში, ნებისმიერ თემაზე გამართულ კონფერენციას დაესწრები – ეს იქნება მედია, ეკონომიკა, ბიზნესი, ტექნოლოგიები, განათლება თუ ა.შ. ასე რომ, ეს რა თქმა უნდა, არის მორიგი დასტური ორმაგი სტანდატის. ერთის მხრივ, ახლა “ოცნებას” სურს, მოსახლეობას აჩვენოს, რომ აი, რაღაც მოძრაობაა ევროპის მიმართულებით და მხოლოდ ევროკავშირის ბიუროკრატია არის უსამართლო “ოცნების” მიმართ, ამის ჩვენება უნდა. მისთვის მთავარია, ფიზიკურად დააფიქსიროს ფაქტი ევროპასთან კომუნიკაციის, ევროპაში წასვლა-წამოსვლის და იქ ხელის ჩამორთმევის პროტოკოლური ფოტოების, რაშიც ძალიან გამოიბძმენდნენ და გამოცდილება დააგროვეს და მეორეს მხრივ, გააგრძელებს, რა თქმა უნდა, ევროკავშირის გინებას, – ამბობს გიორგი შარაშიძე.
ირაკლი კობახიძე ბრიუსელშია. „ქართული ოცნების“ ლიდერი დღეს, 3 ნოემბერს, ტელეკომპანია „ევრონიუსის“ მიერ ორგანიზებულ ევროკავშირის გაფართოების სამიტში მიიღებს მონაწილეობას. თუმცა კობახიძე მიწვეული არ არის უშუალოდ ევროკომისიის მიერ ორგანიზებულ გაფართოების ფორუმზე, რომელიც ბრიუსელში 15-16 ნოემბერს გაიმართება.
ამასთან, ხვალ, 4 ნოემბერს, ევროკომისია გაფართოების შესახებ ყოველწლიურ ანგარიშს გამოაქვეყნებს, სადაც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესიც შეფასდება.
