მინდა, საზოგადოებას ბოდიში მოვუხადო, რადგან ამდენი ტყუილის, ამდენი სიცრუის მოსმენა უწევს. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები საუბრობდნენ, მათ შორის, იმაზე, რომ თურმე სისტემური და სისტემატიური წამება პენიტენციურ დაწესებულებაში არ ხდებოდა, ჩვენ მოგვეჩვენა თურმე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ანა წითლიძემ და ლევან ბეჟაშვილმა სასამართლო სხდომაზე არაერთი სიცრუე გააჟღერეს.
„ოჩიგავა საქართველოს წინააღმდეგ თურმე ბუნებაში არ არსებულა, მოგვეჩვენა რომ ეს ადამიანი იმ მდგომარეობამდე მიიყვანეს, სპეციალური ეტლის გამოყენება სჭირდება. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ის ჩაიყვანეს ერთ-ერთ ოთახში, სადაც მკვდარზე, გარდაცვლილი ადამიანის გვამზე დააბეს და ამ ყველაფერზე ანა წითლიძე საუბრობდა, რომ თურმე ეს ყველაფერი მოგვეჩვენა და არ ყოფილა. თურმე არც ქონებები ჩამოურთმევიათ არავისთვის, არც ტელევიზიები ჰქონიათ მიტაცებული. „რუსთავი 2“-ის საქმეზე საერთოდ ის თქვა, რომ არ ჰქონიათ მიტაცებული. ასევე, მტკნარი ტყუილი თქვა, ეუთო/ოდირ-მა არჩევნები არ აღიარაო, დასკვნაში წერია, რომ თავისუფალი და თანასწორი არ ყოფილა არჩევნებიო, ამ შეფასებას ეუთო/ოდირ-ი 1997 წლიდან აღარ იყენებს. ლევან ბეჟაშვილი საუბრობს, რომ როდესაც პარტია გაუქმდება, ავტომატურად უქმდება ამ პარტიის მიერ წარდგენილი პარლამენტის წევრების მანდატებიო, ტყუილია, ასეთი ცვლილება კანონში არ წერია, პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტა ავტომატურად არ ხდება, ეს შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ პარლამენტის გადაწყვეტილებით. საკანონმდებლო ცვლილებებში გაწერეს, რომ გაუქმებული პარტიის ქონება გადადის სახელმწიფო ხაზინაში და ეს ყველაფერი „ქართულმა ოცნებამ“ 2025 წელს გააკეთაო, ტყუილია, ასეთი ჩანაწერი ამ კანონის მიღებისთანავე, ანუ 1996-1997 წლიდან არსებობს, 30 წელია, ეს ჩანაწერი არის, ხოლო „ნაციონალური მოძრაობა“ ჩვენ გვაბრალებს. გვაბრალებს პენიტენციურ დაწესებულებებში თითქოს ადამიანები გააუპატიურესო და ერთ-ერთი ადამიანის განცხადებები და მის გარშემო მთელი ინსინუაციები, რაც საზოგადოებამ იხილა ეს მაგალითად მოჰყავს, მაშინ როდესაც სახალხო დამცველი, პროკურატურა, ყველანი ერთხმად ამბობენ, რომ ასეთი რამე ბუნებაში არ ყოფილა. ახლა ანა წითლიძე გამოდის და ამბობს, ჩვენ ვერანაირად ვერ შეგვერეცხება და ვერ ვიქნებით ასოცირებული „ნაციონალური მოძრაობის“ წამებასთან, ჩვენ დემოკრატიული პარტია ვართო. ამას კადრულობს და ამიტომ კიდევ ერთხელ ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას. როდესაც სამართლებრივი არგუმენტი არ გაქვს, მაშინ იწყებ ფაქტების წინააღმდეგ ბრძოლას და ფაქტების წინააღმდეგ ბრძოლა ჯერჯერობით არავის გასვლია. ერთი მცდელობა 1940-იანი წლების ბოლოს გაუქმებულ პარტიას და მის ერთ-ერთ იდეოლოგს, გებელსს ჩვეოდა და ჩვენ გებელსისეული პროპაგანდის სასამართლო პროცესის მიმდინარეობის გადმოტანის მცდელობა ვნახეთ ქალბატონი ანი წითლიძისგან, ბატონი ლევან ბეჟაშვილისგან“, – განაცხადა გორდულაძემ.
