საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაია მხარეებს აფრთხილებს. მან მუშაობის პრინციპთან დაკავშირებით განმარტებები მხარეთა მოსმენის დაწყებამდე გააკეთა და თქვა:
“სასამართლოსთვის აბსოლუტურად გასაგებია, რომ საქმე პოლიტიკური საქმიანობების და პოლიტიკური პროცესების შეფასებას ეხება, მაგრამ მუშაობას იმ პრინციპით გავაგრძელებთ, რა პრინციპითაც აქამდე ვმუშაობდით – თითოეულმა მხარემ პოზიციები მაქსიმალურად კორექტულად წარმოადგინოს!
შესაძლებელია მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ფაქტები მიუღებელია მოპასუხე მხარისთვის, ისევე როგორც მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი ფაქტები ალბათ მიუღებელი იქნება მოსარჩელე მხარისთვის, მაგრამ მაქსიმალური თავშეკავებით, მაქსიმალური კორექტულობით, ყოველგვარი ეპითეტებისა და მითითებების გარეშე, ისე რომ ამან მეორე მხარის გაღიზიანება არ გამოიწვიოს და შემდგომში პროცესს არ შეუშალოს ხელი.
სასამართლოსთვის მნიშვნელოვანია თითოეული მხარის განმარტება და სასამართლოს მხარეთა პოზიციების – როგორც მოსარჩელე მხარის, ასევე მოპასუხე მხარის პოლიციების მოსმენაში ხელი არ უნდა შეეშალოს“, – განაცხადა ნადარაიამ.
საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის სარჩელის განხილვა დღეს, 14:00 საათიდან განახლდა.
ბათუმში საქმეზე უკვე მეოთხე სხდომა იმართება.
საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილ სარჩელს პარლამენტის 88 წევრი აწერს ხელს. მათი სარჩელის საფუძველზე სასამართლოს დღის წესრიგში შემდეგი პოლიტიკური გაერთიანებების არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხი დგას: – “ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“; “კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია მელია გირჩი დროა“; “ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, “ფედერალისტური პარტია“ და პარტია “გახარია საქართველოსთვის“.
