ლიკა კუჭუხიძე, რომელსაც აბაშაში მომხდარი ავარიის დროს მეუღლე, ბაჩო ლასარეიშვილი გარდაეცვალა, სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს:
„ზუსტად ერთი წლის წინ ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მძიმე დღეები იდგა. ისეთ მდგომარეობაში ვიყავი, რომ ჩემთვის ერთი სანთლის ანთება და თითოეული ადამიანის ლოცვა ყველაფერს ნიშნავდა.
დღეს მინდა, მთელი გულით მადლობა გადავუხადო ყველა ადამიანს, ნაცნობს თუ უცნობს, ყველას, ვინც, მაშინ ჩემთვის ილოცა, სანთელი აანთო და გულით ისურვა ჩემი გადარჩენა.
მადლობა მათაც, ვინც დღემდე მწერთ, მეკითხებით, როგორ ვარ და ამით მაგრძნობინებთ თქვენს სიყვარულსა და ყურადღებას. იმდენი შეტყობინება მომდის, რომ ფიზიკურად ყველას ნახვასა და პასუხის გაცემას ვერ ვახერხებ. ამისთვის გულწრფელად გთხოვთ, მაპატიოთ. ეს უყურადღებობაში არ ჩამითვალოთ, უბრალოდ შეუძლებელია თითოეულ თქვენგანს სათითაოდ გიპასუხოთ, თუმცა თქვენი თითოეული სიტყვა უფრო და უფრო მაძლიერებს.
ღმერთმა ასმაგად დაგიბრუნოთ ის სიკეთე, რაც ჩემთვის გაიღეთ. მადლობა თითოეულ თქვენგანს იმ ლოცვისთვის, იმ ანთებული სანთლისთვის და ყველაფრისთვის, რასაც ჩემი გადარჩენისთვის აკეთებდით. მიყვარხართ ყველა“, – წერს ლიკა კუჭუხიძე.
ცნობისთვის, გასული წლის 24 ოქტომბერს, სამტრედია-აბაშის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ბაჩო ლასარეიშვილი ემსხვერპლა, მასთან ერთად მყოფი მისი მეუღლე – 18 წლის ლიკა კუჭუხიძე კი დაშავდა, რომელსაც რამდენიმე კვირის განმავლობაში კლინიკაში მკურნალობდნენ.
