“ისე დამამახინჯა, რომ შეიძლება მისი შრამები მთელი ცხოვრება მქონდეს” – ემიგრანტმა გოგონამ ინექციური პროცედურებისთვის იტალიაში ჩასულ კოსმეტოლოგოს მიმართა. ლელა კუკიას შესახებ სალომე მამასახლისმა ინტერნეტ პოსტიდან შეიტყო. კოსმეტოლოგი პაციენტს ბინაში თავად ეწვია და მანიპულაციებიც სახლის პირობებში ჩაუტარა. სხვა ექიმს ჯერ იტალიაში მიმართა, შემდეგ კი სამკურნალოდ საქართველოში ჩამოვიდა. ახალა უკვე დაზარალებული სამართლებრივ დავას იწყებს.
ლელა კუკია “კურიერი P.S.”-ის ობიექტივში 2024 წელსაც მოხვდა, როდესაც იტალიაში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს ნაქირავებ ბინაში მკერდის მოცულობის გაზრდის მანიპულაცია ჩაუტარა. მაშინ ამ შედეგს პაციენტების დაუდევრობას აბრალებდა. პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე არც ამჯერად იღებს.
ლელა კუკია “კურიერი P.S.”-თან საუბრისას არ უარყოფს, რომ იტალიაში ინექციური პროცედურების ჩატარების ლიცენზია არ აქვს, თუმცა ამტკიცებს, რომ პროფესიონალი ექიმია.
ორი წლის წინ თქვა, რომ სამედიცინო უნივერსიტეტი არა რუსეთში, არამედ ისრაელში დაამთავრა, დიპლომის ჩვენებას მაშინაც დაგვპირდა, მაგრამ არც მაშინ და არც ახლა არ უჩვენებია.
ლელა კუკიას მსგავსად, კანონის გვერდის ავლით, სამედიცინო მანიპულაციისთვის შეუფერებელ გარემოში ესთეტიკური ინექციების გაკეთებას ქართველი კოსმეტოლოგები ევროპის არც სხვა ქვეყნებში ერიდებიან. ამ დანაშაულისთვის მიმდინარე კვირას ავსტრიაში 2 ქართველი დააკავეს.
პაციენტის მომზადება გამოიხატება ინფორმაციის წინასწარ მოძიებაში, როგორც სპეციალისტისა და პრეპარატის, ისე პროცედურის უკუჩვენებების შესახებ.
ექიმები ამბობენ, რომ ნებისმიერი ინექციური პროცედურა, თუნდაც სტერილურ გარემოში და სანდო მწარმოებლის პრეპარატით ჩატარებული, გარკვეულ რისკებს უკავშირდება, ამიტომ, პაციენტებს ურჩევენ მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინონ და არასოდეს დათანხმდნენ არაპროფესიონალების მიერ შეთავაზებულ საეჭვო პროცედურებს.
