სასამართლოს მაგივრად ურჩევნიათ, ესაუბრონ უცხოელ დიპლომატებს, რაც ბევრ რამეზე მეტყველებს, მათ შორის იმაზე, რომ მათ საკუთარი პოზიციების დაცვის იმედი არ აქვთ, გამომდინარე იქიდან, რომ არგუმენტები არ აქვთ, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების კითხვას, რომელიც ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან ელჩებთან შეხვედრას შეეხებოდა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მთელი ამ წლების განმავლობაში ეს პოლიტიკური პარტიები არაფერს არ აკეთებდნენ, გარდა საბოტაჟისა.
„ისინი ყოველთვის ასე აკეთებენ, ხალხის ნაცვლად, არჩევნების წინ ესაუბრებიან დიპლომატებს და უცხოელ პატრონებს,არჩევნების წინაც კი, როცა ხალხს უნდა ესაუბრონ და ახლა, როცა არის სასამართლო პროცესი, სასამართლოს მაგივრად ურჩევნიათ, ესაუბრონ უცხოელ დიპლომატებს, რაც ბევრ რამეზე მეტყველებს, მათ შორის იმაზე, რომ მათ საკუთარი პოზიციების დაცვის იმედი არ აქვთ, გამომდინარე იქიდან, რომ არგუმენტები არ აქვთ. მთელი ამ წლების განმავლობაში ეს პოლიტიკური პარტიები არაფერს არ აკეთებდნენ, გარდა საბოტაჟისა. ჯერ 2012 წლამდე, თქვენ იცით, როგორია ამ პოლიტიკური პარტიების წარსული და მერე 2012 წლიდან მოყოლებული. ჯერ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ყველა არჩევნების ჩაშლა სცადეს. 2012 წლის არჩევნების ჩაშლაც კი სცადეს, რომელიც მათ მიერვე იყო ჩატარებული და მერე 2016 წელს, 2020 წელს, 2024 წელს საუბარი მაქვს მხოლოდ საპარლამენტო არჩევნებზე, პრაქტიკულად სცადეს ყველა არჩევნების ჩაშლა არალეგიტიმურად გამოაცხადეს, მათ შორის ჯერ მარგველაშვილი, მერე ზურაბიშვილი. ყველა პრეზიდენტს აცხადებდნენ არალეგიტიმურად, ყველა პარლამენტს აცხადებდნენ არალეგიტიმურად, რაც თავისთავად ფარსი იყო, შემდეგ უწევდათ „არალეგიტიმურ“ პარლამენტში შესვლა, „არალეგიტიმური“ პრეზიდენტის გმირად გამოცხადება და ა.შ. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ მათთვის ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ თვითმიზანი იყო საბოტაჟის განხორციელება, კონსტიტუციური წყობილების მიმართ საბოტაჟის განხორციელება. ეს არის ის მარტივი არგუმენტები, რასაც ისინი ვერ უპირისპირებენ საკუთარ კონტრარგუმენტებს. აქედან გამომდინარე, ეშინიათ საკონსტიტუციო მართლმსაჯულების და ურჩევნიათ, საკონსტიტუციო სასამართლოს ნაცვლად არსებითად ესაუბრონ სწორედ ელჩებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ცნობისთვის, საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოში ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრა გაიმართა. არსებული ინფორმაციით, შეხვედრას ბრიტანეთის ელჩი გარეთ უორდი, გერმანიის ელჩი ბარბარა ფოსი და საფრანგეთის ელჩი ოლივიე კურტო ესწრებოდნენ. ოპოზიციის მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობდენ: ბადრი ჯაფარიძე („ლელო – ძლიერი საქართველო), ირაკლი ფავლენიშვილი („ნაციონალური მოძრაობა“), გიგა ბოკერია („ფედერალისტები“), ნიკა გვარამია („კოალიცია ცვლილებებისთვის“).
