რეჟიმი დევნილებს საცხოვრებლის სანაცვლოდ ერთ ადამიანზე 10 ათას ლარს სთავაზობს, სამსულიანი ოჯახისთვის ეს 30 ათასი ლარია, თანხა, რომლითაც ბინის შეძენა პრაქტიკულად შეუძლებელია – მაშინ, როცა ბინის ფასი ათეულობით ათას დოლარს აღწევს, ეს შეთავაზება პრობლემას ვერ აგვარებს, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ბესო შენგელიამ განაცხადა.
მისი თქმით, 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში დევნილთა ყოველთვიური დახმარება 45 ლარიდან საარსებო მინიმუმამდე უნდა გაიზარდოს, ასევე დევნილებისთვის შეთავაზებული კომპენსაციის ოდენობა უნდა გადაიხედოს.
„რეჟიმის პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის, განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს ამ მმართველობის სრულ მარცხს დევნილების პრობლემის მოგვარებაში! სამინისტროს ცხელ ხაზზე 1505, არ აქვთ პასუხი პრემიერის ინიციატივაზე, არ იციან როდის დაიწყება პროგრამა, რა კრიტერიუმებით შეფასდება და რა დოკუმენტაცია იქნება წარსადგენი.
14 წელი ხელისუფლებაში და კიდევ მინიმუმ 10 წელი ლოდინი, ასეთია რეჟიმის პასუხი იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც საკუთარი სახლები დაკარგეს და ათწლეულებია, ელემენტარულ საცხოვრებელს ელოდებიან.
საქართველოში 300 ათასზე მეტი იძულებით გადაადგილებული პირია. ამ ადამიანებს სჭირდებათ არა დაპირებები, არამედ რეალური დახმარება და ღირსეული საცხოვრებელი.
დღეს რეჟიმი დევნილებს საცხოვრებლის სანაცვლოდ ერთ ადამიანზე 10 ათას ლარს სთავაზობს. სამსულიანი ოჯახისთვის ეს 30 ათასი ლარია, თანხა, რომლითაც ბინის შეძენა პრაქტიკულად შეუძლებელია. მაშინ, როცა ბინის ფასი ათეულობით ათას დოლარს აღწევს, ეს შეთავაზება პრობლემას ვერ აგვარებს.
2012 წელს ბიძინა ივანიშვილი დევნილებს პრობლემის სწრაფად მოგვარებას ჰპირდებოდა. გავიდა 14 წელი. სად არის შედეგი? რატომ უნდა ელოდონ დევნილებმა კიდევ ათი წელი?
ცალკე საკითხია დევნილთა ყოველთვიური დახმარება – 45 ლარი! მაშინ, როცა რეჟიმი ეკონომიკურ ზრდაზე საუბრობს და თანამდებობის პირების ხელფასები იზრდება, დევნილებს ამ თანხით არსებობას სთხოვენ.
ამიტომ ჩვენი მოთხოვნები კონკრეტულია: პირველი – 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში დევნილთა ყოველთვიური დახმარება 45 ლარიდან საარსებო მინიმუმამდე უნდა გაიზარდოს!
მეორე – დევნილებისთვის შეთავაზებული კომპენსაციის ოდენობა უნდა გადაიხედოს, რათა მათ რეალურად შეძლონ ღირსეული საცხოვრებლის შეძენა!
მესამე – მთავრობამ საზოგადოებას უნდა წარუდგინოს დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის კონკრეტული გეგმა, დაფინანსება და შესრულების ვადები!
დევნილებს აღარ სჭირდებათ ახალი დაპირებები და კიდევ ათწლიანი ლოდინი! მათ სჭირდებათ კონკრეტული გადაწყვეტილებები, რეალური დახმარება და ღირსეული ცხოვრება.
14 წელი საკმარისი იყო დაპირებებისთვის – ახლა დროა პასუხისმგებლობისა და მოქმედების“,- განაცხადა ბესო შენგელიამ.
ინფორმაციისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, დევნილთა უზრუნველყოფის დაჩქარების მიზნით, საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის პარალელურად, ნაცვლად საცხოვრისისა, დევნილი ოჯახების ფულადი კომპენსაციით დაკმაყოფილების პროგრამა ამოქმედდება. პრემიერის განმარტებით, პროგრამაში ჩართვა ნებაყოფლობითი იქნება. რაც შეეხება თავად კომპენსაციის რაოდენობას, ოჯახის თითოეულ წევრზე 10 ათასი ლარი იქნება განსაზღვრული.
