შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებები ჩაატარეს.
კომპლექსური ღონისძიებების შედეგად დაკავებულია 64 უცხოელი არალეგალი, მათ შორის – იორდანიის, პაკისტანის, თურქეთის, რუსეთის, ინდოეთის, ბანგლადეშის, აზერბაიჯანის, თურქმენეთის, ჩინეთის, ტაილანდის და უზბეკეთის მოქალაქეები.
შსს-ს ცნობით, სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებების ფარგლებში, დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ გადამოწმდა კონკრეტული ლოკაციები და სხვადასხვა დანიშნულების ობიექტები, რაც მიზნად ისახავდა საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეთა გამოვლენას.
დადგინდა, რომ დაკავებული პირები ქვეყანაში იმყოფებოდნენ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევით.
ამჟამად, დაკავებულები მოთავსებული არიან მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში. მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები მათი ქვეყნიდან გაძევების მიზნით.
აღსანიშნავია, რომ საკანონმდებლო ცვლილებების ამოქმედებიდან დღემდე, მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიების შედეგად, ჯამში 20 000-ზე მეტი უცხო ქვეყნის მოქალაქე გადამოწმდა.
