ივანიშვილი ხელისუფლებაში სოფლის აყვავების დაპირებით მოვიდა, 14 წლის თავზე კი შედეგი კატასტროფულია – ამის შესახებ “ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თაზო დათუნაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ნათესი ფართობი შემცირდა 26%-ით, ბოსტნეულის 25%-ით, ციტრუსის 30%-ით, იმპორტზეა მთელი სასურსათო სექტორი.
14 წლის თავზე, დაახლოებით 7 მილიარდ ლარზე მეტია სოფლის მეურნეობის სხვადასხვა პროექტებში დახარჯული, მხოლოდ სახელმწიფო სუბსიდირებისა და დახმარების სახით – 7 მილიარდ ლარზე მეტი დახარჯულია არათუ სოფლის მეურნეობის წახალისებისა და გაუმჯობესებისთვის, არამედ ეს არის კლასიკური კორუფციული სქემა, რომლის ბენეფიციარებიც „ქართული ოცნების“ ლიდერები და მათთან დაკავშირებული ბიზნეს ფიგურები არიან – თქვა პოლიტიკოსმა.
„2012 წელს, ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში თითო სოფელზე 3 მილიონი ლარის დაპირებით მოვიდა, სოფლის აყვავების, იმპორტის შემცირების და ადგილობრივ წარმოებაზე გადასვლის დაპირებით მოვიდა. 14 წელი გავიდა ამ ტყუილების კორიანტელიდან და 14 წლის თავზე, დაახლოებით 7 მილიარდ ლარზე მეტია სოფლის მეურნეობის სხვადასხვა პროექტებში დახარჯული, მხოლოდ სახელმწიფო სუბსიდირებისა და დახმარების სახით. 7 მილიარდ ლარზე მეტია დახარჯული 14 წლის მანძილზე და შედეგი არის არა უბრალოდ კატასტროფული, არამედ ტრაგიკული ქართული სოფლისთვის. ჯამში ნათესი ფართობი შემცირდა 26%-ით, აქედან სიმინდის წარმოება შემცირდა 22%-ით, ზოგადად ბოსტნეულის 25%-ით, ციტრუსის 30%-ით, იმპორტზეა მთელი სასურსათო სექტორი დამოკიდებული და თითქმის ყველა სასურსათო პროდუქტი, მაგალითად, ხორბლის 75%, რომელიც საქართველოში მოიხმარება არის რუსეთიდან იმპორტირებული, ქათმის ხორცის 70% იმპორტირებულია, ზეთისა და სხვა ცხიმების თითქმის 100%, რძის ფხვნილის 100%, კარაქის 80%, ნივრის 55% და ხახვისაც კი 60%. ეროვნული წარმოების წახალისების ნაცვლად, რომელშიც სახელმწიფო პროგრამებიდან მილიარდები ჩაასხეს ჩვენ მივიღეთ 100% – ით, თავიდან ბოლომდე, ფაქტობრივად იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანა, სოფლის მეურნეობის დარგში. ამის მიღმა, ის პროგრამები, რომლებშიც 7 მილიარდ ლარზე მეტი დახარჯულია არათუ სოფლის მეურნეობის წახალისებისა და გაუმჯობესებისთვის, არამედ ეს არის კლასიკური კორუფციული სქემა, რომლის ბენეფიციარებიც „ქართული ოცნების“ ლიდერები და მათთან დაკავშირებული ბიზნეს ფიგურები არიან. რამდენიმეს ჩამოგითვლით ნათელი სურათისათვის: ვახტანგ კარიჭაშვილი – ბიძინა ივანიშვილის საყვარელ დეიდაშვილთან, უჩა მამაცაშვილთან ერთად ბიზნესს აწარმოებს, 11 კომპანიამ, რომელიც ამ ორ ადამიანს ეკუთვნის, 2017 წლიდან 2024 წლის ჩათვლით შეღავათიანი აგროკრედიტიდან თითქმის 51 მილიონი ლარი მიიღო. მეორე , 2015-2025 წლებში „ქართული ოცნების“ დეპუტატის ზაალ დუგლაძისა და ბიძინა ივანიშვილის ძმის, ალექსანდრე ივანიშვილის 4 კომპანიამ, სახელმწიფო სუბსიდიით გადაიხადეს სესხის პროცენტი, რომელიც ბიუჯეტიდან დაფინანსდა და დაახლოებით 18 მილიონი ლარი შეადგინა, აქვე არის საქართველოს პარლამენტის მუდმივი მოქმედი წევრი, გოცა ენუქიძე, რომელმაც „დანერგე მომავალში“ და შეღავათიანი აგროკრედიტიდან, თავის 6 კომპანიაზე დაახლოებით მილიარდ სამასი ათასის კრედიტი მიიღო. ამის ამონაგები კი ის არის, რომ ყველაზე მთავარი რიცხვი ნათესი ფართობების 26% შემცირებაა. 7 მილიარდი, რომლის ძირითადი თანხები კალიჭაშვილებს, დუგლაძეებსა და სხვებს შეხვდათ, საბოლოოდ საქართველო, ფაქტობრივად 100% იმპორტზეა დამოკიდებული“, – განაცხადა დათუნაშვილმა.
მან ასევე ისაუბრა, ღვინის სუფსიდირებასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ „სუბსიდირების მთელი სისტემა არის კორუფციული სქემა, რომლის საბოლოო ბენეფიციარებიც არა ქართველი გლეხები, არამედ აქაც კარის ბიზნესმენები და „ქართული ოცნების“ კორუფციული ლიდერები არიან. ყურძნის ჩაბარება ხდება მინიმალურ ფასებში, შემდეგ ამ ყურძნის ჩაბარებიდან ხდება ძირითადად სპირტის დამზადება და არა ღვინის“.
„შეუძლებელია როდესაც სოფლის მეურნეობის ამ კატასტროფულ ვითარებაზე ვსაუბრობთ, ყურადღება არ გავამახვილოთ ღვინის სუბსიდირებაზე. ახლა როცა ჩვენ ვსაუბრობთ, მთელი კახეთი აბარებს ყურძენს, მათი მთელი წლის უმძიმესი შრომის შედეგს, რომლითაც შემდეგ ქართველმა გლეხმა მთელი წელი უნდა იცხოვროს. აგრეთვე სუბსიდირების მთელი სისტემა არის კორუფციული სქემა, რომლის საბოლოო ბენეფიციარებიც არა ქართველი გლეხები, არამედ აქაც კარის ბიზნესმენები და „ქართული ოცნების“ კორუფციული ლიდერები არიან. ყურძნის ჩაბარება ხდება მინიმალურ ფასებში, შემდეგ ამ ყურძნის ჩაბარებიდან ხდება ძირითადად სპირტის დამზადება და არა ღვინის. ეს სპირტი უკვე ტრადიციულად ჩამოწერილი ფასით იყიდება, ისევ იმ კომპანიებზე, რომელიც „ქართული ოცნების“ ორბიტაზე არიან ან პირდაპირ ჩინოვნიკები არიან. მაგალითად, ყველაზე ბოლო მონაცემები, რომ გითხრათ ღვინისა და სპირტის ჩამოფასებისა, წლევანდელი ჩამოფასებაა -მარაგი, რომელიც არსებობდა იყო 220 მილიონი ლარის ღირებულების. მარაგი, რომელიც წელს გაიყიდა და 52 მილიონად შეფასდა. ჩამოფასებული მარაგი, რა თქმა უნდა, შესყიდული იქნა კლანის მიერ და ამ მარაგის გადაყიდვაა ხდება კოლოსალური მოგებით საერთაშორისო ბაზარზე. მიზერულ ფასად ბარდება ყურძენი, მიზერულ ფასად ხდება სახელმწიფოს მიერ სასპირტე მასალის გამოსყიდვა, მიზერულ ფასად ხდება ჩამოფასება – აგერ მეოთხედ ფასად. ბოლო მონაცემის ჩამოფასება ამ სპირტის გადაყიდვა კარის ბიზნესმენზე და შემდეგ კოლოსალური მოგების ნახვა ქვეყნის გარეთ საერთაშორისო ბაზარზე, სადაც ასეთი სპირტი მაღალ ფასად ფასობს, ეს არის რეალობა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ მაშინ, როდესაც უმძიმეს პირობებში არის ახლა მთელი კახეთი და დღეებს ატარებენ რიგებში, რომ ყურძენი ჩააბარონ, ამაზეც „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული მაფია კორუფციული გარიგებებით მდიდრდება“, – განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.
