თბილისში ბოლო პერიოდში გახშირებული გასტროენტერიტის შემთხვევების გამომწვევად კვლევებით ნოროვირუსი დადასტურდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბავშვების უმრავლესობა უკვე გამოჯანმრთელდა და შემთხვევები გართულებების გარეშე მიმდინარეობდა.
ნოროვირუსი განსაკუთრებით სწრაფად ვრცელდება იქ, სადაც ბევრი ადამიანი ერთად იმყოფება – სკოლებში, ბაღებში, საავადმყოფოებში და სხვა საერთო სივრცეებში. მისი მთავარი ნიშნებია უეცრად დაწყებული გულისრევა, ღებინება, წყლიანი დიარეა და მუცლის ტკივილი. სიმპტომების გამოვლენა, როგორც წესი, ინფიცირებიდან 12-48 საათში იწყება.
მაგრამ როგორ უნდა მივხვდეთ, რომ საქმე შესაძლოა სწორედ ნოროვირუსთან გვქონდეს?
უეცარი ღებინება – გულისრევა ნოროვირუსის ერთ-ერთი ყველაზე დამახასიათებელი ნიშანია. ადამიანი შეიძლება რამდენიმე საათით ადრე თავს ჩვეულებრივად გრძნობდეს, შემდეგ კი მოულოდნელად დაეწყოს ძლიერი გულისრევა და ღებინება. ბავშვებში ღებინება განსაკუთრებით ხშირად არის გამოხატული.
წყლიანი დიარეა – კიდევ ერთი მთავარი სიმპტომი ხშირი, წყლიანი განავალია. ზოგიერთ შემთხვევაში დიარეა შეიძლება იმდენად ინტენსიური იყოს, რომ ორგანიზმმა დიდი რაოდენობით სითხე დაკარგოს.
სწორედ ამიტომ, ნოროვირუსის დროს ერთ-ერთი მთავარი რისკი გაუწყლოებაა, განსაკუთრებით ბავშვებში და ხანდაზმულებში.
მუცლის ტკივილი და სპაზმები – ღებინებასა და დიარეას ხშირად თან ახლავს მუცლის ტკივილი, ბუყბუყი ან სპაზმები. ეს სიმპტომები ნოროვირუსის დროს საკმაოდ გავრცელებულია.
სისუსტე, თავის ტკივილი და სხეულის ტკივილი – ნოროვირუსი მხოლოდ კუჭ-ნაწლავის პრობლემებით არ შემოიფარგლება. შეიძლება გამოვლინდეს სისუსტე, თავის ტკივილი, სხეულის ტკივილი და დაბალი სიცხეც.
ამიტომ თუ ადამიანს მოულოდნელად დაეწყო ღებინება, წყლიანი დიარეა, მუცლის ტკივილი, სისუსტე და ზოგჯერ სიცხე, ნოროვირუსზე ეჭვის მიტანა შეიძლება. თუმცა მხოლოდ სიმპტომებით ზუსტი დიაგნოზის დასმა შეუძლებელია – მსგავსი ნიშნები სხვა ინფექციებსაც ახასიათებს.
როგორ გადადის ნოროვირუსი?
ნოროვირუსი ძალიან გადამდებია და ადამიანიდან ადამიანზე ადვილად ვრცელდება.
ინფიცირება შესაძლებელია დაბინძურებული ხელებით, საკვებითა და წყლით, ასევე იმ ზედაპირებთან შეხებით, რომლებზეც ვირუსი მოხვდა. საფრთხეს წარმოადგენს კარის სახელურები, მაგიდები, ტელეფონები და სხვა ხშირად გამოყენებული ნივთები. ინფექცია ასევე შეიძლება გავრცელდეს ინფიცირებულ ადამიანთან ახლო კონტაქტის დროს.
ყველაზე მნიშვნელოვანია ხელების დაბანა
ნოროვირუსისგან თავის დასაცავად ხელების სწორად დაბანას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.
ხელები საპნითა და წყლით კარგად უნდა დაიბანოთ, განსაკუთრებით საპირფარეშოს შემდეგ და ჭამის ან საკვების მომზადების წინ. მხოლოდ სპირტიანი ანტისეპტიკური საშუალება ნოროვირუსის წინააღმდეგ ყოველთვის საკმარისი არ არის, ამიტომ, მთავარი მაინც საპნითა და წყლით ხელების დაბანაა.
ასევე მნიშვნელოვანია ხილისა და ბოსტნეულის კარგად გარეცხვა, სუფთა წყლის გამოყენება და იმ ზედაპირების დეზინფექცია, რომლებთანაც ინფიცირებული ადამიანი კონტაქტში იყო.
როდის არის საჭირო ექიმთან ვიზიტი?
ყველაზე მეტად გაუწყლოებას უნდა მიექცეს ყურადღება. ექიმის კონსულტაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ ღებინება და დიარეა არ წყდება, ადამიანს მაღალი სიცხე აქვს ან გაუწყლოების ნიშნები უჩნდება.
საგანგაშო ნიშნებია:
ძალიან მცირე რაოდენობით შარდი ან შარდვის შემცირება;
პირისა და ყელის სიმშრალე;
ძლიერი სისუსტე ან თავბრუსხვევა;
ბავშვში ცრემლების შემცირება ან არარსებობა;
ძლიერი ძილიანობა ან უჩვეულო გაღიზიანება.
განსაკუთრებული ყურადღება ბავშვებსა და ხანდაზმულებს სჭირდებათ, რადგან სითხის დიდი რაოდენობით დაკარგვამ მათ შემთხვევაში უფრო სწრაფად შეიძლება გამოიწვიოს გაუწყლოება.
რა უნდა გავაკეთოთ დაავადების დროს?
ნოროვირუსის დროს მთავარი ამოცანა დაკარგული სითხისა და ელექტროლიტების აღდგენაა. ამიტომ მნიშვნელოვანია საკმარისი სითხის მიღება; გაუწყლოების შემთხვევაში კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორალური რეჰიდრატაციის ხსნარი. მძიმე გაუწყლოებას შესაძლოა სამედიცინო ჩარევა და ვენაში სითხის გადასხმა დასჭირდეს.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციით, ნოროვირუსის დროს ყურადღება უნდა მიექცეს სითხის აღდგენას და რამდენიმე დღის განმავლობაში რაციონიდან რძის პროდუქტების, ცხიმიანი, შემწვარი და ცხარე საკვების ამოღებას. დიარეისა და ღებინების საწინააღმდეგო მედიკამენტები კი მხოლოდ ექიმის დანიშნულებით უნდა მიიღოთ.
თუ ღებინება და დიარეა მოულოდნელად დაიწყო, ნოროვირუსზე ეჭვი ნამდვილად შეიძლება მიიტანოთ. ამ დროს ყველაზე მნიშვნელოვანია სითხის დაკარგვის თავიდან აცილება, ხელების საფუძვლიანად დაბანა და მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში ექიმთან დროული მიმართვა.
