გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა ნიუ იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის სხდომაზე დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ წერს.
წყაროების ცნობით, მერცმა გადაწყვეტილება მიიღო შიდაპოლიტიკური ზეწოლის ფონზე, რაც განპირობებულია საქსონია-ანჰალტის მიწის პარლამენტის არჩევნებზე მერცის პარტიის, „ქრისტიან დემოკრატიული კავშირის“ წარუმატებლობით.
აღნიშნული არჩევნები 6 სექტემბერს გაიმართა. გამარჯვება ულტრამემარჯვენე პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მოიპოვა, რომელმაც ამომრჩეველთა ხმების 43,8 პროცენტი მიიღო, „ქრისტიან-დემოკრატიულმა“ კავშირმა კი, 17,2 პროცენტი დააგროვა. შედარებისთვის, 2021 წლის არჩევნებზე „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ხმების 20,8 პროცენტი მიიღო, ხოლო „ქრისტიან-დემოკრატიულმა კავშირმა“ – 37,1 პროცენტი.
როგორც გერმანული მედია წერს, ფრიდრიხ მერცი სხვა საერთაშორისო ლიდერებთან ერთად, ნიუ იორკში გაერო-ს გენერალური ასამბლეის სხდომაზე დასწრებას გეგმავდა.
„თავდაპირველი გეგმებისგან განსხვავებით, კანცლერი მომავალ კვირას ნიუ იორკში არ გაემგზავრება, რადგან მისი ყოფნა ბერლინში აუცილებელია“, — აცხადებენ „როიტერის“ წყაროები.
ცნობისთვის, საზოგადოებრივი აზრის კვლევის ინსტიტუტის, INSA-ს მიერ 10 და 11 სექტემბერს ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, გერმანელთა მხოლოდ 14 პროცენტი მიიჩნევს, რომ მერცი კანცლერის მოვალეობას კარგად ასრულებს. ამასთან, გამოკითხულთა 78 პროცენტი მერცის საქმიანობით უკმაყოფილოა. გერმანიის მმართველი კონსერვატიული ბლოკის, „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირისა“ და „ქრისტიან-სოციალური კავშირის“ ამომრჩევლებს შორის მოქმედ კანცლერს მხოლოდ 36 პროცენტი უჭერს მხარს, ხოლო 58 პროცენტი მის საქმიანობას უარყოფითად აფასებს. დამკვირვებლების ვარაუდით, მერცზე ზეწოლა შესაძლოა, კიდევ უფრო გაიზარდოს, თუ „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი“ მარცხს განიცდის მეკლენბურგ-წინა პომერანიისა და ბერლინის მოახლოებულ მიწის არჩევნებში, რომელიც 20 სექტემბერს გაიმართება.
თავად ფრიდრიხ მერცმა 15 სექტემბერს საგარეო და საბითუმო ვაჭრობის ფედერალური გაერთიანების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ უახლოეს ბუნდესტაგის არჩევნებამდე თანამდებობის დატოვებას არ აპირებს. ამასთან, „როიტერის“ ინფორმაციით, მერცმა 20 სექტემბრის საღამოსთვის, იმ დღეს, როდესაც მეკლენბურგ-წინა პომერანიისა და ბერლინის მიწის პარლამენტების არჩევნები გაიმართება, „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ ხელმძღვანელობის საგანგებო შეხვედრა დანიშნა.
