სასამართლომ, აღკვეთის ღონისძიების სახედ თამაზ ელიზბარაშვილს პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლემ სრულად გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა. ბრალდების მხარის განმარტებით, საქმეში არსებობდა ახალი დანაშაულის ჩადენისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე, რის გამოც ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენება მიზანშეწონილი არ იყო.
„დღეს ჩატარდა ბრალდებულის პირველი წარდგენის სხდომა სასამართლოში, განვიხილეთ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხი. ბრალდების მხარე ითხოვდა პატიმრობის გამოყენებას და ასაბუთებდა იმ საფრთხეებს, როგორიც არის ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე.
სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ დასაბუთებული საფრთხეები, განმარტა, რომ სხვა ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიება ვერ უზრუნველყოფდა აღნიშნული საფრთხეების პრევენციას. ასევე წარდგენილი მტკიცებულებები ქმნიდა ფაქტობრივ საფუძველს აღკვეთის ღონისძიების გამოყენებისა. შესაბამისად, დაეთანხმა პროკურატურის შუამდგომლობას და ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახედ შეეფარდა პატიმრობა. დაზარალებულების განცხადება შემოსული არ არის გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით, თუმცა დანაშაულის შესახებ მიღებული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო გამოძიება,” – აცხადებს პროკურორი გოგა კაკოჩაშვილი.
ცნობისთვის: გამოძიების მასალების მიხედვით, თამაზ ელიზბარაშვილი ერთ-ერთ რესტორანში დაზარალებულს სიტყვიერად დაუპირისპირდა და დაემუქრა, მეორე დღეს კი შემთხვევის ადგილზე ძალის გამოყენებით შეიჭრა. გამოძიება მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო. ელიზბარაშვილს მუქარის ფაქტზე ბრალდება ოფიციალურად გუშინ წარედგინა.
