თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს სასახლის ღობის საქმის ერთ-ერთი ეპიზოდის დასკვნითი პროცესი გაიმართა.
მოსამართლე თამარ მჭედლიშვილის განაჩენს 4 ბრალდებული – მარიამ მეყანწიშვილი, ნანა სანდერი, აბო ნავერიანი და ანტონ უპერი – ელოდება.
დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარემ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა. დაცვის მხარე და ბრალდებულები საბოლოო სიტყვით სასამართლოს მომავალ კვირას წარმოთქვამენ.
მარიამ მეყანწიშვილის თქმით, პროკურორის 80-გვერდიან სიტყვაში, ვერცერთი გვერდის, ვერცერთი წინადადება მათ წინააღმდეგ წარდგენილ ბრალდებას ვერ ადასტურებს.
“რასაც მედავებიან არის აბსურდი, არანაირ სამართლებრივ დარღვევას არ შეიცავს ჩემი მონაწილეობა 4 ოქტომბერს და არც სხვა ბრალდებული პირების და უკანონო დაკავებულების. გვედავებიან აბსურდულ რაღაცებს, თვითონაც ვერ ამტკიცებენ და იმ 80 გვერდიდან დასკვნაში, რომელსაც წარმატებით კითხულობდა ბატონი ლაშა ცხვიტარია, ალბათ ამ 80 გვერდიდან ვერც ერთი გვერდის ვერცერთი წინადადება იმ ბრალს ვერ ადასტურებს, რა ბრალსაც გვედავებიან,” – ამბობს მარიამ მეყანწიშვილი.
ნანა სანდერის ადვოკატის თქმით, პროკურორმა დასკვნის სიტყვაში მისი დაცვის ქვეშ მყოფის Facebook პოსტებზე ისაუბრა, თუმცა სოციალურ ქსელში განთავსებული პოსტებით ნანა სანდერის მიერ ორგანიზება არ დგინდება.
“პროკურორმა წარმოადგინა ნანა სანდერთან მიმართებაში Facebook-ზე ატვირთული პოსტები, რომლებიც თითქოსდა ამტკიცებდა, რომ ნანა სანდერმა ორგანიზება გაუკეთა კონკრეტულ ჯგუფს, თუმცა მხოლოდ პოსტები, მხოლოდ სოციალურ ქსელში განთავსება იმ მოწოდებების, რომლებიც ამ მოწოდებებში არის უბრალოდ ფრაგმენტები ამოღებული და რეალური სურათიო არის ის, რომ ნანა სანდერს ჰქონდა უმსხვერპლო გამარჯვების გეგმა, რაც ნიშნავდა იმას, რომ არანაირი ზიანი არ უნდა მიეყენებინა არცერთი აქციის მონაწილეს. ვერ დაადასტურა [პროკურორმა] დასკვნითი სიტყვით, რომ სოციალურ ქსელში განთავსებული პოსტებით დგინდებოდა ნანა სანდერის მიერ განხორციელებული ორგანიზება. ვფიქრობ, რომ სასამართლომ უნდა ცნოს უდანაშაულოდ,” – ამბობს ადვოკატი.
აბო ნავერიანის ადვოკატი, დიმიტრი ვარდიაშვილი აღნიშნავს, რომ ვიდეო-მასალაში, რომელზეც პროკურატურა აპელირებს მისი დაცვის ქვეშ მყოფი საერთოდ არ არის, ხოლო ეხსპერტმა შეასრულა ის დავალება, რაც გამომძიებელმა მისცა.
“არ არსებობს არცერთი მტკიცებულება, რომელიც უშუალოდ აბო ნავერიანის საწინააღმდეგოდ მიუთითებს. მე მხედველობაში მაქვს ვიდეო-მასალები, რომელზეც აპელირებდა, ჩვენ თავიდანვე გავუსვით ხაზი იმას, რომ ვიდეო-მასალებზე, სადაც ვითომდა აბო ნავერიანია გამოსახული, არ არის აბო ნავერიანი გამოსახული და წინასწარ არ გავაჟღერებ ჯერ რატომ და რანაირად. ის ნიშნები, რითაც ვითომდა მოხდა აბო ნავერიანის ამოცნობა, ფაქტობრივად აბსურდულია, ხოლო ექსპერტმა შეასრულა მხოლოდ და მხოლოდ ის, რაც დაავალა გამომძიებელმა,” – განაცხადა დიმიტრი ვარდიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ ეპიზოდზე თავდაპირველად 12 პირის პროცესი მიმდინარეობდა, თუმცა 8 ბრალდებულს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა.
