პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა მედიასთან ისაუბრა 5 პოლიტიკური სუბიექტის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ დაგეგმილ საკონსტიტუციო განხილვასთან დაკავშირებით.
დეპუტატს აქვს მოლოდინი, რომ საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებს ერთადერთ და სწორ გადაწყვეტილებას. „სასამართლოს წინაშე წარდგენილი უტყუარი ფაქტებისა და მტკიცებულებების გამო სასამართლოს უბრალოდ სხვა გზა არ დარჩება,“ – აღნიშნა მან.
„მაქვს მოლოდინი, რომ საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებს ერთადერთ და სწორ გადაწყვეტილებას. სასამართლოს წინაშე წარდგენილი უტყუარი ფაქტებისა და მტკიცებულებების გამო სასამართლოს უბრალოდ სხვა გზა არ დარჩება. რა თქმა უნდა, გადაწყვეტილება სასამართლომ თავად უნდა მიიღოს და ამაში ჩვენ ვერ და არ ჩავერევით.
მტკიცებულებები და ბრალდებები უტყუარია და სწორედ ამის გამო ჩვენ, „ხალხის ძალა“, „ქართულ ოცნებასთან“ ერთად მოვითხოვთ ამ პარტიების („ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და მასთან აფილირებული სხვა რადიკალური პარტიების) აკრძალვას.
დანაშაული აშკარაა. ჩემი აზრით, უბრალოდ სასამართლო პროცესია საჭირო, რომ ყველაფერი იყოს სამართლებრივად შეფასებული და ვინმეს, ქვეყნის შიგნით ან გარეთ, არ გაუჩნდეს განცდა, რომ ეს ყველაფერი გარკვეული პარტიების – ვგულისხმობ „ხალხის ძალისა“ და „ქართული ოცნების“ – ახირების გამო მოხდა.
კონსტიტუციური წესრიგის დარღვევის მცდელობა, სახელმწიფოზე შეტევა, სახელმწიფო ინსტიტუტების საქმიანობისთვის ხელის შეშლა, საბოტაჟის მოწყობა და სხვა მოღალატეობრივი ქმედებები დადასტურებულია ფაქტებით და დიდი იმედი მაქვს, რომ შესაბამისი განაჩენიც დადგება.
მსურს, ერთი რამ განსაკუთრებულად ხაზგასმით აღვნიშნო: ესენი (ნაციონალური მოძრაობა და მისი ფილიალები) არ არიან პოლიტიკური პარტიები, თავიდან ბოლომდე უცხოეთიდან მართული აგენტურული ქსელია და პოლიტიკური ველი მათგან უნდა გაიწმინდოს.
ჩვენ (ზოგადად ვსაუბრობ, „ხალხის ძალასაც“ ვგულისხმობ და „ქართულ ოცნებასაც“, იმიტომ, რომ ვიცი მათი განწყობა) არავითარ შემთხვევაში არ ვართ ოპოზიციის წინააღმდეგი. „ხალხის ძალა“ თავადვე ვართ „ქართული ოცნების“ ოპოზიცია, მაგრამ ოპოზიცია არ ნიშნავს იმას, რომ საკუთარი ქვეყნის მტერი იყო.
დღესაც კი რადიკალური ოპოზიცია სწორებას აკეთებს დასავლეთზე, ჩვენ კი – ჩვენს ქვეყანასა და მის განვითარებაზე.
ვფიქრობ, რომ მომავალში გაჯანსაღდება პოლიტიკური ველი და ის პოლიტიკური ძალები (ვგულისხმობ „ხალხის ძალის“ გარდა არსებულ პოლიტიკურ ძალებს), რომელთაც აქვთ ამბიცია, საკუთარი პოლიტიკური სიტყვა თქვან, უფრო მეტად გამოჩნდებიან.
უცხოეთს და იგივე დასავლეთს მოუწევს საქართველოში არსებულ პოზიციასა და ოპოზიციურ ძალებთან საუბარი. სხვა ძალა პოლიტიკურ სარბიელზე აღარ იქნება და მათ მოუწევთ ჩვენთან, სხვა ოპოზიციურ ძალებთან და ხელისუფლებასთან საუბარი – უნდათ ეს თუ არა,“ – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
