„პარი სენ-ჟერმენის“ ქართველი ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის 2025/2026 წლის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს, – ინფორმაციას ლიგის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.
კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის დასრულებულ სეზონში 16 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. მან მოედანზე 1141 წუთი გაატარა, 10 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა. „პარი სენ-ჟერმენმა“ ქართველ ფეხბურთელთან ერთად ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირი ზედიზედ მეორედ მოიგო.
„შეუდარებელმა ქართველმა გარემარბმა უდიდესი როლი ითამაშა პარიზელების მიერ ზედიზედ მეორე ტიტულის მოპოვებაში. ტურნირის განმავლობაში მან 10 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა, ის მარცხენა ფლანგზე ბრწყინვალე თამაშით გამოირჩეოდა.
იგი გადამწყვეტი ფიგურა იყო „არსენალის“ წინააღმდეგ მოგებულ ფინალშიც, სადაც კრისტიან მოსკერამ საჯარიმოში წააქცია და პენალტი დაინიშნა. თერთმეტმეტრიანი უსმან დემბელემ ზუსტად შეასრულა და ლუის ენრიკეს გუნდმა ანგარიში გაათანაბრა.
შეიძლება ითქვას, რომ კვარაცხელიას საუკეთესო თამაში „ბაიერნთან“ 5:4 მოგებულ დაუვიწყარ პირველ ნახევარფინალურ მატჩში ვიხილეთ, როცა ჯერ ულამაზესი მოჭრილი დარტყმით ანგარიში გაათანაბრა (1:1), მეორე ტაიმში კი უძლიერესი გასროლით შესანიშნავ სტილში დუბლი გაიფორმა“, – წერს უეფა-ს ოფიციალური ვებგვერდი.
