თურქეთში მოლდაველი „კრიმინალური ავტორიტეტი“ იური რადულოვი, მეტსახელად „თახვი“, დააკავეს.
რადულოვი თურქეთის ინტერპოლის ცენტრალური ბიუროს მიერ გატარებული ღონისძიებების შედეგად დააკავეს. უახლოეს პერიოდში მისი მოლდოვაში ექსტრადიციის პროცედურა დაიწყება.
იური რადულოვი მოლდოვის „კრიმინალურ სამყაროში“ ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ფიგურად ითვლებოდა. ის ხელმძღვანელობდა დაქირავებულ მკვლელთა დაჯგუფებას, რომელიც 1990-იან და 2000-იანი წლების დასაწყისში მოლდოვასა და რუმინეთში მოქმედებდა.
დაჯგუფებას სულ მცირე 10 შეკვეთით მკვლელობასა და მკვლელობის 11 მცდელობას უკავშირებენ. მათ შორის იყო ცნობილი ე.წ. „კანონიერი ქურდის“, ვალერი როტარის, მეტსახელად „ზელიონის“, მკვლელობა.
დაჯგუფების განადგურების შემდეგ რადულოვი საზღვარგარეთ გაქცევას ცდილობდა, თუმცა ბულგარეთში დააკავეს და მოლდოვაში ექსტრადირება მოახდინეს. 2004 წლის მარტში სასამართლომ მას უვადო პატიმრობა მიუსაჯა.
2025 წლის მარტში რადულოვი პირობით ვადამდე გაათავისუფლეს. მის გათავისუფლებას მოლდოვაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
გათავისუფლებიდან მალევე რადულოვმა ქვეყნის დატოვებაზე დაწესებული აკრძალვა დაარღვია და მოლდოვა დატოვა.
