აქ [საქართველოში] იმყოფება მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატების მაღალი რანგის დელეგაცია, მასთან შეხვედრები აქვს ოპოზიციას, ასევე თვითგამოცხადებულ ხელისუფლებას და პროცესები ძალიან დიდი გამადიდებელი შუშის ქვეშ არის,- ამის შესახებ „ოპოზიციური ალიანის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ „ოპოზიციის ალიანსის“ სახელით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც 26 მაისს დაანონსებული აქციის დეტალებზე ისაუბრა.
როგორც ნიკა გვარამიამ აღნიშნა, აპირებენ „რეჟიმის ჩამოშლას“ უწყვეტი პრინციპული პროტესტით, რომელიც 500 დღეზე მეტია მიმდინარეობს.
“მოვუწოდებ „ხელისუფლებას“ თავი შეიკავოს ნებისმიერ ინციდენტისგან. აქ იმყოფება მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატების მაღალი რანგის დელეგაცია, მასთან შეხვედრები აქვს ოპოზიციას, ასევე თვითგამოცხადებულ ხელისუფლებასაც და პროცესები ძალიან დიდი გამადიდებელი შუშის ქვეშ არის როგორც საქართველოს შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ყველამ შეიკავოს თავი უკანონო ქმედებისგან, ყველა უკანონობაზე არსებობს პასუხი. ნებისმიერი ტიპის ესკალაციისგან შეიკავოს თავი ყველამ. ჩვენი პროტესტი არის მშვიდობიანი და ემყარება კონსტიტუციურ უფლებებს“,- განაცხადა ნიკა გვარამიამ.
