სახელმწიფომ გასაყიდად გამოტანილი Lamborghini და Bentley, რომელთა ჯამური ღირებულებაც 590 000 ლარია, ვერ გაყიდა – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს აუქციონი უშედეგოდ დასრულდა. ვის ეკუთვნოდა მანქანები, ამ დრომდე უცნობია – ცნობილია, რომ BENTLEY CONTINENTAL GT V8-ს საწყისი ფასი 110 000 ლარია (ბიჯი 2 200 ლარი), LAMBORGHINI HURRACAN კი 480 000 ლარი (ბიჯი 9 600 ლარი) ღირს.
როგორც ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ეწერა, LAMBORGHINI HURRACAN, სახელმწიფო ნომრით: KAR3, “საშუალო შენახულობისა. აღენიშნება ჭყლეტა-ნაკაწრები, ჟანგვა-კოროზია. საჭიროებს სათუნუქე-სამღებრო სამუშაოების ჩატარებას. დაზიანებულია წინა საქარე მინა. მუშა მდგომარეობა დაუდგენელია”. აუქციონს თან ახლავს გაფრთხილება, რომ სატრანსპორტო საშუალება იმყოფება საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ, მოქცეულია დროებითი შემოტანის პროცედურაში, ამ პროცედურის დასრულებისთვის საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები არ არის შესრულებული.
ასევე, BENTLEY CONTINENTAL GT V8, სახელმწიფო ნომრით: KAR2, 2015 წელსაა გამოშვებული, “ავტომანქანა საშუალო შენახულობისაა. აღენიშნება ჭყლეტა-ნაკაწრები, ჟანგვა-კოროზია. საჭიროებს სათუნუქე-სამღებრო სამუშაოების ჩატარებას. დაზიანებულია წინა საქარე მინა. მუშა მდგომარეობა დაუდგენელია”. ასევე, ირკვევა, რომ მყიდველი ვალდებულია ქონების განთავსების ადგილიდან გაყვანამდე მოახდინოს მისი რეგისტრაცია შესაბამის სამსახურში. რეგისტრაციასთან (ჩამოწერასთან) დაკავშირებული ხარჯები ეკისრება შემძენს.
