ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის ელექტროენერგიის სუბსიდირების თანხა იზრდება. უწყების განმარტებით, ცვლილების მიზანია, ახალი ტარიფის განსაზღვრის შემდეგ, ელექტროენერგიის გადასახადი მათთვის უცვლელი დარჩეს.
„მთავრობის დადგენილებით – ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000-ზე ნაკლებია, დამატებით – 5 თეთრი დაუსუბსიდირდებათ. ჯამში ისინი, დახმარების სახით, მიიღებენ 2020 წლის დეკემბერსა და 2015 წლის ივლისში არსებული სამომხმარებლო ტარიფს შორის სხვაობას დამატებულ 1 კვტ-სთ-ზე 8.5 თეთრს – ამ დრომდე ეს მაჩვენებელი 1კვტ-სთ-ზე 3.5 თეთრს შეადგენდა.
ის ოჯახები კი, რომელთა სარეიტინგო ქულა მეტია 70 000-ზე და ნაკლებია ან ტოლია 150 000-ისა, 200 კვტ-სთ-ის ელექტროენერგიას 1 კვტ-სთ-ზე 8.5 თეთრის ოდენობით სუბსიდიას მიიღებენ – ამ დრომდე ეს მაჩვენებელი კვტ-სთ-ზე 3.5 თეთრს შეადგენდა.
სიახლე თბილისის მუნიციპალიტეტის გარდა მთელი ქვეყნის მასშტაბით მცხოვრებ ბენეფიციარებს შეეხებათ.
რაც შეეხება მრავალშვილიან ოჯახებს, ელექტროენერგიის ახალი ტარიფის შესაბამისად, დამატებით – 10 ლარის სუბსიდიას მიიღებენ. მთელი ქვეყნის მასშტაბით, ამ სტატუსის მქონე ოჯახები, სოციალური შეღავათის სახით, ელექტროენერგიის გადასახადისთვის 20 ლარის ნაცვლად 30 ლარს მიიღებენ. ამას ემატება 10-ლარიანი სუბსიდია ყოველ მომდევნო შვილზე.
ცვლილება უკვე ამოქმედდა – მთავრობის გადაწყვეტილება ძალაში პირველი აპრილიდან შევიდა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
