რამდენიმე პროდუქტზე სპეციალური საფასო პოლიტიკა გავრცელდება – ქსელური მარკეტები ფასების კომისიას განცხადებით პასუხობენ.
როგორც „რითეილ ასოციაციის” მიერ გავცრელებულ განცხადებაშია ნათქვამი, შეიქმენა საოჯახო კალათა და ამ კალათაში შემავალი პროდუქტები გაიყიდება სპეციალურ ფასად (ფასდაკლებებით). თუმცა, ჯერ უცნობია რომელი პროდუქტები შევა ამ კალათაში.
ვიმედოვნებთ, მწარმოებლები და მომწოდებლები უზრუნველყოფენ შეღავათიან პირობებს, რათა ერთობლივი ძალისხმევით შესაძლებელი გახდეს ძირითადი საბაზისო პროდუქციის ფართო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა – წერია „რითეილ ასოციაციის” განცხადებაში.
„რითეილ ასოციაცია“ გაეცნო საქართველოს პარლამენტის სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი კომისიის მიერ მომზადებულ დასკვნას, რომელიც საკმაოდ მოცულობითია და მოიცავს რეკომენდაციებს საშუალო და გრძელვადიანი განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ.
კომისიის მოკლევადიანი რეკომენდაციების და საერთაშორისო გამოცდილების ფარგლებში ჩვენთვის საინტერესოა საფრანგეთისა და საბერძნეთის მაგალითები, რომელიც არ ეფუძნება ბაზრის მექანიზმებში უხეშ ჩარევას, არამედ მათ გაძლიერებას კონკურენციის პრინციპების გამოყენებით. აღნიშნული გამოცდილებების საფუძველზე, სექტორის წარმომადგენლებმა შეიმუშავეს შესაბამისი მიდგომა, რომელიც საშუალო და გრძელვადიანი მიზნების მიღწევამდე, მოკლევადიან პერიოდში ხელშესახები შედეგების მიღწევის შესაძლებლობას ქმნის.
აღნიშნულის ფარგლებში, ასოციაციის წევრმა კომპანიებმა დაიწყეს „საოჯახო კალათის“ ფარგლებში იმ პროდუქტების იდენტიფიცირება, რომლებზეც ვრცელდება სპეციალური საფასო პოლიტიკა, რათა სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, თავად სავაჭრო ქსელების მიერ შერჩეულ პროდუქტებზე მუდმივ რეჟიმში ვრცელდებოდეს განსაკუთრებული შეთავაზებები.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ აღნიშნული პროცესის ეფექტიანობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული მიწოდების ჯაჭვის ყველა მონაწილეზე. შესაბამისად, ვიმედოვნებთ, რომ მწარმოებლები და მომწოდებლები გაიზიარებენ რითეილ სექტორის მიდგომას და სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში უზრუნველყოფენ მაქსიმალურად შეღავათიან პირობებს, რათა ერთობლივი ძალისხმევით შესაძლებელი გახდეს ძირითადი საბაზისო პროდუქციის ფართო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა მოსახლეობისათვის.
„რითეილ ასოციაცია“ მზად არის გააგრძელოს კონსტრუქციული თანამშრომლობა როგორც სახელმწიფო უწყებებთან, ისე კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, რათა ერთობლივი ძალისხმევით მიღწეულ იქნეს მდგრადი და გრძელვადიანი შედეგები“,- ნათქვამია განცხადებაში.
დაპირების მოუხედავად, აპრილის ბოლოსთვის ფასების შემცირება არ დამდგარა. 1 მაისს ფასების შემსწავლელმა საპარლამენტო კომისიამ მუშაობა დაასრულა და საბოლოო დასკვნა წარმოადგინა, სადაც აღნიშნულია, რომ პროდუქტების გაიაფება მოკლევადიან პერიოდში ვერ მოხერხდება.
კომისიის თავმჯდოამრემ, შოთა ბერეკაშვილმა ბოლო სხდომაზე თქვა, რომ ძირითადი პრობლემა არა გადაჭარბებულ მოგებაში, არამედ არაეფექტურ საოპერაციო ხარჯებშია.
დასკვნის მიხედვით, ბაზარზე ფასების ფორმირებას გავლენას ახდენს გრძელი და არაეფექტური მიწოდების ჯაჭვი, მაღალი ოპერაციული ხარჯები და სექტორის სტრუქტურული თავისებურებები. კომისიამ ასევე აღნიშნა, რომ მოქალაქეები ხშირად პროდუქტებს ფასდაკლებების პერიოდში ყიდულობენ, ხოლო მცირე ბიზნესისთვის ბაზარზე ოპერირება რთულია.
