განათლების სამინისტრომ სკოლის ფორმებზე 45 მილიონი ლარის გამარტივებული შესყიდვა გამოაცხადა – ინფორმაციას BMG ავრცელებს და წერს, რომ 1 801 000 ერთეული ფორმა უნდა შეიკეროს. მათივე ცნობით, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ამ თანხით საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს სასკოლო ფორმების შესყიდვა უნდა მოხდეს.
მიმდინარე წლის თებერვალში მიღებული კანონით, 2026–2027 სასწავლო წლიდან საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმის ტარება სავალდებულო ხდება. სასკოლო ფორმების ხელმისაწვდომობა უზრუნველყოფილი უნდა იყოს სასწავლო წლის დაწყებამდე მინიმუმ ერთი თვით ადრე.
გამოცემის ცნობით, 2026-2027 სასწავლო წლისთვის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეების სასკოლო ფორმის ტანსაცმლის მიწოდების ვადა განსაზღვრულია ორ ეტაპად: პირველი, ეტაპი საქონლის არანაკლებ 30%-ის მოწოდება არაუგვიანეს 31 ივლისისა, მეორე, ეტაპი საქონლის დარჩენილი რაოდენობა არაუგვიანეს 20 აგვისტოს ჩათვლით. აღსანიშნავია, რომ დოკუმენტაციაში არ არის მითითებული ვისთან აპირებს უწყება გამარტივებული წესით ხელშეკრულების დადებას.
