მოსკოვში, ჟულებინის ბულვარზე მდებარე ბინაში, 53 წლის ელენა წერეთლის დანაწევრებული ცხედარი იპოვეს. ქალი რამდენიმე დღის განმავლობაში ოჯახის წევრებს არ დაკავშირებია, რის გამოც მისმა დამ ინერვიულა და დახმარებისთვის სამართალდამცველებს მიმართა.
მაშველებმა ბინის კარი გააღეს და აივანზე პარკებში მოთავსებული ქალის ცხედრის ნაწილები აღმოაჩინეს. ამის შემდეგ სამართალდამცველებმა მკვლელობის გარემოებების დადგენა და შესაძლო დამნაშავის ძებნა დაიწყეს.
ელენა წერეთელი რესტორატორ და ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლე გახლდათ. მათ საერთო ქალიშვილი, 19 წლის დარია ჰყავდათ. რუსული მედიის ინფორმაციით, ყოფილი მეუღლეები რამდენიმე ბიზნესპროექტშიც ერთად მონაწილეობდნენ და ხშირად მოგზაურობდნენ საზღვარგარეთ.
გამოძიება ელენას პარტნიორ მამაკაცზე გავიდა, ის 47 წლის თეიმურაზ გოგიაშვილია. რუსული მედიის ცნობით, ის ქართველი ბიზნესმენია და რუსეთში ბინადრობის უფლება აქვს. მას წარსულში ნასამართლობა არ ჰქონია და ადმინისტრაციულ პასუხისგებაში არ მიუციათ.
გამოძიების კვალმა საბოლოოდ ახალი მოსკოვის ტერიტორიაზე მდებარე ავტოფარეხამდე მიიყვანა, რომელსაც გოგიაშვილი იყენებდა. სწორედ იქ აღმოაჩინეს ელენას 19 წლის ქალიშვილის, დარიას, ცხედარი.
ავტოფარეხის დათვალიერებისას სამართალდამცველებმა იარაღისა და საბრძოლო მასალის სამალავიც იპოვეს. ახლა გამომძიებლებმა უნდა დაადგინონ, რა ვითარებაში აღმოჩნდა 19 წლის გოგონა ავტოფარეხში, როდის დაიღუპა და ვინ შეიძლება იყოს მისი სიკვდილის მონაწილე. განაგრძეთ კითხვა
