ველოდებით, რომ სასამართლოს განაჩენი გამამართლებელი უნდა იყოს, რადგან ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია ის მტკიცებულებები, რომლებიც გამამტყუნებელი განაჩენისთვის არის საჭირო, – ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის ადვოკატმა, დიმიტრი ხაჩიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, ბრალდების მხარემ საეჭვო მტკიცებულებები წარმოადგინა და პირებმა, მათ შორის, თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილმა უფროსმა, ვლადიმერ ღუდუშაურმა, გამოძიებას ჩვენება „საკუთარი თავის გადასარჩენად, ციხიდან გამოსასვლელად მისცა“.
„დასრულდა მტკიცებულებების გამოკვლევა. დასკვნითი სიტყვები ვთქვით დღეს. ველოდებით, რომ სასამართლოს განაჩენი გამამართლებელი უნდა იყოს, რადგან ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია ის მტკიცებულებები, რომლებიც გამამტყუნებელი განაჩენისათვის არის საჭირო. წარმოადგინა ძალიან საეჭვო მტკიცებულებები – პირებმა [ვლადიმერ ღუდუშაურმა] ჩვენებები საკუთარი თავის გადასარჩენად, ციხიდან გამოსასვლელად, მისცეს. შესაბამისად, ეს მტკიცებულებები და ჩვენებები, რომელსაც ბრალდების მხარე ეყრდნობა, საქმის სხვა მასალებს არ შეესაბამება“, – განაცხადა ადვოკატმა.
კითხვაზე, შეიძლება თუ არა, რომ ჯუანშერ ბურჭულაძის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი ვლადიმერ ღუდუშაურის ჩვენების საფუძველზე დადგეს და ეყრდნობა თუ არა ამას გამოძიება, ადვოკატმა უპასუხა, რომ ბრალდება ეყრდნობა ღუდუშაურის და ტუკვაძის ჩვენებებს, თუმცა ორივე მათგანი საქმის მასალებს ეწინააღმდეგება.
„ბრალდება ეყრდნობა ღუდუშაურის და ტუკვაძის ჩვენებებს, თუმცა ვამბობთ, რომ ღუდუშაურის ჩვენება სრულიად ეწინააღმდეგება საქმის ყველა მასალას. ასევე ტუკვაძის ჩვენება ეწინააღმდეგება საკუთარ ჩვენებასაც და ეწინააღმდეგება საქმის მასალებს“, – განაცხადა ადვოკატმა.
ამასთან, დიმიტრი ხაჩიძემ ისაუბრა საპროცესო შეთანხმებაზე და აღნიშნა, რომ დღეის მდგომარეობით საპროცესო შეთანხმება არ არის მიღწეული და საქმის განხილვა ჩვეულებრივი არსებითი წესით გრძელდება.
„ჰკითხეთ პროკურორს, არ ვიცი რატომ ვერ შედგა. საპროცესო შეთანხმების პერიოდში მიღებული საპროცესო შეთანხმებისთვის გამოთქმული მოსაზრება, ვარაუდი, ჩვენება და ა.შ, არ შეიძლება გამოყენებული იქნას ბრალდებულის საწინააღმდეგოდ. დღეის მდგომარეობით საპროცესო შეთანხმება არ არის მიღწეული, გრძელდება საქმის განხილვა ჩვეულებრივი არსებითი წესით“, – განაცხადა დიმიტრი ხაჩიძემ.
