ცეცხლის გარდამოსვლის წინ იერუსალიმში უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული.
პოლიციის წარმომადგენლის განცხადებით, პოლიცია ეკლესიის ხელმძღვანელობასთან მჭიდრო კოორდინაციით კვირების განმავლობაში ემზადებოდა.
ცეცხლის გარდამოსვლის დროს ეკლესიის ტერიტორიაზე პოლიციის ასობით თანამშრომელი იქნება განლაგებული, რომელთა მთავარი ამოცანა უსაფრთხოების დაცვაა.
„დღეს განსაკუთრებული დღეა, რადგან რამდენიმე დღის წინ, როგორც იცით, ისრაელი იყო ირანის რეჟიმის მიერ გაშვებული ბალისტიკური რაკეტების იერიშის ქვეშ. დღეს კი წმინდა ცეცხლის გარდამოსვლა, რომელიც შეზღუდულ ფორმატში უნდა გამართულიყო, სრული მასშტაბით იმართება. ისრაელის პოლიცია კვირების განმავლობაში გადიოდა მზადებას ეკლესიის ხელმძღვანელობასთან კოორდინაციით. ადგილზე პოლიციის ასობით თანამშრომელი იქნება, რომლებიც აქ მყოფებს დაიცავენ და უსაფრთხოებაზე იზრუნებენ. ჩვენი მთავარი მიზანია, ღონისძიებამ უსაფრთხოდ ჩაიაროს და ყველამ ისიამოვნოს“, – აცხადებს ისრაელის პოლიციის წარმომადგენელი დინ ელსდანი.
ცნობისთვის, წელს ცეცხლის გარდამოსვლა განსაკუთრებულ ვითარებაში იმართება. ირანთან ომის გამო დაწესებული შეზღუდვები ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შემდეგ მოიხსნა, რამაც მისი სრული მასშტაბით ჩატარება გახადა შესაძლებელი.
